ქობულეთის სანაპიროს დასაცავად პლაჟზე 140 ათასი კუბ/მ ხრეში უნდა შეიტანონ – დაიხარჯება ₾4,2 მილიონი
ქობულეთის სანაპირო ზოლის დასაცავად და ზღვის ხელოვნური კვებისთვის პლაჟზე 140 ათასი კუბ/მ ხრეშის შეტანა იგეგმება, რისთვისაც გზების დეპარტამენტმა შპს „სკინჩისთან“ 4,2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ქობულეთში ზღვის ხელოვნურად გამოსაკვებად, პლაჟზე ხრეში შეაქვთ.
ათიათასობით კუბური მეტრი ხრეში პლაჟზე პროექტით სამ ადგილზე უნდა შეიტანონ, რომლის ნაწილს შემდეგ ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს.

ქობულეთი / 6.11.2026
ქობულეთის, ისევე როგორც ბათუმის პლაჟების შესანარჩუნებლად და სანაპიროს გასამაგრებლად ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურადაა აუცილებელი.
ქობულეთის სანაპირო ზოლის დასაცავად ქობულეთის პლაჟზე ამჯერად 140 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. ხელშეკრულება საქართველოს გზების დეპარტამენტს შპს „სკინჩი“-სთან აქვს გაფორმებული 4 213 953 ლარზე.
ქობულეთში პლაჟის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 5 267 457 ლარით ქონდა გამოცხადებული.
„ქალაქ ქობულეთში ზღვის ძლიერი შტორმული ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა პლაჟის სიგანე და სიმაღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 უბანზე რეცხვადი ბუნას [ერთგვარი ხელოვნური დამბის] მოწყობა კარიერიდან მოზიდული ხრეშოვანი გრუნტით – ჯამური მოცულობით 140 305 კუბური მეტრი,“ – აღნიშნულია პროექტში.

ქობულეთი / 6.11.2026
სატენდერო და საპროექტო დოკუმენტებში არ არის მითითებული თუ რომელი კარიერებიდან ამოიღებენ ხრეშს.
„სანაპიროზე ინერტული მასალის შეტანის ლოკაცია უნდა შეთანხმდეს ქობულეთის მერიასთან,“ – წერია პროექტში.
„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას თუ სად იღებენ ხრეშოვან გრუნტს, რომელიც ქობულეთის პლაჟზე შეაქვთ. ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ ქობულეთის სანაპიროზე 140,3 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანა პლაჟის აღსადგენად არ იქნება ეფექტური, თუ ხრეშის პერიოდულად შეტანა მომავალშიც არ გაგრძელდება.
„ვინაიდან წყალქვეშა ფერდი უკვე დაზიანებულია, წინამდებარე პროექტით განსაზღვრული პლაჟის აღდგენის ღონისძიებები არ იქნება ეფექტური, თუ პერიოდულად არ მოხდება სანაპირო ზოლის მდგრადობისათვის აუცილებელი რაოდენობის პლაჟწარმომქნელი მასალის ხელოვნურად შეტანა. შესატანი მასალის რაოდენობა უნდა განისაზღვროს პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე,“ – წერია პროექტში.

ქობულეთი / 6.11.2026
პლაჟები საფრთხის წინაშეა ბათუმშიც.
აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2,6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული ზღვის ხელოვნური კვებისთვის, ტენდერიც გამოაცხადეს, თუმცა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ეს ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.
ეს მაშინ, როცა ჭოროხის კალაპოტიდან ყოველწლიურად ასიათასობით კუბურ მეტრ ხრეშს იღებენ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის, მათ შორის ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით კი, ტენდერის გამოცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.
აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კი არც ბათუმის და არც ქობულეთის სანაპიროს დასაცავად რაიმე პროგრამა „პრიორიტეტების“ ჩამონათვალში აღარ არის და ბუნებრივია, აჭარის ბიუჯეტის პროექტში არც შესაბამისი სამუშაოებისთვისაა თანხა გათვალისწინებული.
ამ თემაზე:
ბათუმის პლაჟის შენარჩუნება აჭარის მთავრობის პრიორიტეტი აღარ არის
ციტატები სტატიიდან
„ქალაქ ქობულეთში ზღვის ძლიერი შტორმული ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა პლაჟის სიგანე და სიმაღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 უბანზე რეცხვადი ბუნას [ერთგვარი ხელოვნური დამბის] მოწყობა კარიერიდან მოზიდული ხრეშოვანი გრუნტით – ჯამური მოცულობით 140 305 კუბური მეტრი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…