AXIOS: ვენსი ირანთან ახალი შეთანხმების მიღწევის მიზნით კულისებში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს
AXIOS-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან ცეცხლის შეწყვეტისა და ბირთვულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის მიზნით არაპირდაპირ მოლაპარაკებებს კულისებში პირადად ხელმძღვანელობს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირადად მონაწილეობს ირანთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომელთა მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების მიღწევა და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაა. ინფორმაციას AXIOS-ი საკითხთან დაკავშირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვენსის აქტიური ჩართულობა აჩვენებს, რომ ის საკუთარ თავზე იღებს კონფლიქტიდან აშშ-ის გამოყვანის ამოცანას. მან ომი „რესპუბლიკელების“ მიერ მიმდინარე კვირაში არჩევნებში განცდილი მძიმე მარცხის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა ირანთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე აჰყავს.
აშშ-ის ოფიციალური პირებისა და რეგიონული წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მომხრეა და სურს გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა.
„ჩვენ მათ ვესაუბრებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
თუმცა, თუ ის პოზიციას შეიცვლის და დარტყმების განახლების ბრძანებას გასცემს, აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, ოპერაცია შედარებით მოკლე ვადაში დაიწყონ, აღნიშნულია სტატიაში.
საკითხთან უშუალოდ დაკავშირებული წყაროების ცნობით, ვენსი მოლაპარაკებების შესახებ თითქმის ყოველდღიურად ესაუბრება კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის, პაკისტანის არმიის შტაბის უფროსს ფელდმარშალ ასიმ მუნირს და სხვა შუამავლებს.
პროცესში ასევე მონაწილეობენ თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი.
წყაროების ცნობით, ვენსი კატარისა და პაკისტანის შუამავლებთან ერთად განიხილავს უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის სამუშაო დონის ტექნიკური შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას, თუმცა ასეთი შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…