სალომე სამადაშვილი - ბრიუსელში კობახიძის გამოსვლაზე სამარცხვინო არაფერი მინახავს - რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებებს, ალბათ, უესტმინსტერში გაიზარდა და საპარლამენტო დემოკრატიის აკვანში ჩამოყალიბდა
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე უფრო სამარცხვინო არაფერი ახსენდება და „ქართული ოცნება“ ანტიევროპული რიტორიკით ქვეყანას რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნის უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს.

ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გამოსვლა იყო, არ ვიცი... ადამიანი სისულელეებს ბოდავს. ეს შოუ იმისთვის იყო დადგმული, რომ მერე საკუთარი პროპაგანდისტული არხებით გაევრცელებინათ, თუ როგორ „მედგრად იცავს” მოგონილ ინტერესებს. მე ბევრი გამოსვლა მინახავს, მაგრამ ამაზე უფრო სამარცხვინო არ მახსენდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
სამადაშვილმა ასევე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მარტა კოსსა და კაია კალასზე გააკეთა და რომელთაც ურჩია, რომ მისთვის დემოკრატია არ ესწავლებინათ.
„უესტმინსტერში გაიზარდა ალბათ ბატონი პაპუაშვილი და საპარლამენტო დემოკრატიის აკვანში ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ძალიან ხშირად დასცინიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დასავლელი დიპლომატები, რომ ისინი აბსოლუტურად რუსული მეთოდებით შედიან ამ კონფრონტაციაში დასავლეთთან, მაგრამ არ აქვთ საკმარისი კლასი რუსული დიპლომატიური და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და ძალიან გოიმურად გამოსდით ეს ამბავი. პაპუაშვილის ციტატა არის ამის ძალიან კარგი მაგალითი.
ამ ხალხის დაცინვა მარტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რა არის ამ ხალხის ამოცანა - მას უნდა, შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობები დეგრადაციას განიცდის, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად, სწორედ ამ ანტი-ევროპული რიტორიკით ქვეყანაში ასევე ანტი-ევროპული განწყობა გააძლიეროს. “ქართული ოცნების” რიტორიკაში ყველაზე დიდი აბსურდი და პარადოქსი არის ის, რომ ისინი ყველაზე უნიჭოდ კოპირებენ ე.წ. ევროსკეპტიკოსი პარტიების ვითომ პოზიციას, როდესაც ბრიუსელს აკრიტიკებენ. ამ ყველაფერში პარადოქსი ის არის, რომ ევროკავშირში ევროსკეპტიკური პარტიების პოზიცია არის, რომ ევროკავშირში ყოფნა არ ღირს და ამათი ყველაზე პარადოქსული და სასაცილო მდგომარეობა ისაა, რომ თან იძახიან, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანებაო, თან დღე და ღამე ლანძღავენ ევროკავშირს.
ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გამოსვლა იყო, არ ვიცი… ადამიანი სისულელეებს ბოდავს. ეს შოუ იმისთვის იყო დადგმული, რომ მერე საკუთარი პროპაგანდისტული არხებით გაევრცელებინათ, თუ როგორ “მედგრად იცავს” მოგონილ ინტერესებს. მე ბევრი გამოსვლა მინახავს, მაგრამ ამაზე უფრო სამარცხვინო არ მახსენდება, ისეთი, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო. ჩემთვის პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, უბრალოდ შეურაცხმყოფელი იყო, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის სახელით შეიძლება საუბრობდეს.
ავტოკრატიული რეჟიმებიც გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით, მაგრამ მათ დალაგებული ლოგიკა აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ჭკუასუსტი, ემოციურად დაუბალანსებელი, აბსოლუტურად ალოგიკური პოზიციებით არ გამოდიან. აზერბაიჯანის წარმომადგენელი რომ მჯდარიყო იმ სავარძელში, ძალიან ადეკვატურად ისაუბრებდა და საკუთარ პოზიციას დაიცავდა იმიტომ, რომ კოგნიტიური დისონანსით არ არის შეპყრობილი”, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი კონტურები იქმნება და დიდი შანსია, რომ საქართველო ამ კონტურების მიღმა აღმოჩნდეს, რის შედეგადაც ქვეყანა რუსეთის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება.
„ჩვენთვის ევროკავშირში გაწევრიანება სურვილის საკითხი კი არ არის, არამედ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეროვნული ინტერესია. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი გადანაწილება მიდის ევროპის კონტინენტზე, უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი კონტურები იქმნება და ჩვენ თუ ევროპული ინსტიტუციების მიღმა დავრჩებით, ჩვენ უბრალოდ ნეიტრალურ ქვეყნად კი არ ვიქნებით [ბოლო პერიოდში შემოგდებული რომაა ამ ნეიტრალიტეტის თემა], ჩვენ აღარ ვიქნებით, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს იქნება რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, სადაც ჩვენ ძალიან დიდი ხნით აღარ გვექნება თავისუფლების ის ხარისხი, რომელსაც საზოგადოება გასული 35 წლის მანძილზე მიეჩვია.
რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს იმედი, რომ ერთ დღეს რუსეთში რაღაც დემოკრატიული გარდატეხა მოხდება, მაგრამ არავინ იცის, ეს მოხდება თუ არა ან წინ საერთოდ რა ელოდება რუსეთს, ჩვენ კი უდიდესი საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდებით.
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ანომალიას, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი ხელისუფლება სტრატეგიულ თანამშრომლობას იღებს, როგორც მოცემულობას, თითქოს დასავლეთი ვალდებულია, რომ დაიცვას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გაითვალისწინოს ჩვენი ეროვნული სასიცოცხლო ინტერესები, თითქოს ეს მათი ვალდებულებაა. ერთი წამით დავუშვათ, რომ დასავლეთმა სიმეტრიული და პროპორციული პასუხის გაცემა გადაწყვიტოს ივანიშვილის დღევანდელ პოლიტიკაზე, მაგალითად, უბრალოდ ჩაეხსნას ჩვენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებს და სად აღმოჩნდება ამ დროს საქართველო? ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა. სამწუხაროდ, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის რაღაც ჭკვიანურს აკეთებს ამ პოლიტიკით, რომელსაც ის აწარმოებს. სინამდვილეში, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ამ ქვეყანას”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…