სისხლიანი ანგარიშსწორება იორმუღალოში - ორი ძმის მკვლელობა და ცხელ კვალზე დაკავებული პირი
იორმუღალოში ქორწილში მიმავალ ორ ძმას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს, მესამე ძმა კი ფეხში დაიჭრა. სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი, თანასოფლელი ვალშარ კაიბოვი, დანაშაულის იარაღთან ერთად ცხელ კვალზე დააკავეს.
იორმუღალოს თემში მოკლულ ძმებს გლოვობენ. თემურ და ადილხან უსუპოვები ქორწილში მიდიოდნენ, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ერთი ოჯახის 2 წევრი ადგილზე გარდაიცვალა.
ტყვიას თავდასხმით გადაურჩა მათი მესამე ძმა. ელმარ უსუპოვმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა დაზიანებები ფეხის არეში მანაც მიიღო.
გადარჩენილმა ძმამ "კურიერს" სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები მოუყვა. საღამოს ხუთ საათზე ძმები სახლიდან ფეხით გავიდნენ. 200 მეტრის გავლის შემდეგ მათ "ფორდის" მარკის ავტომობილი მიუახლოვდა. მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თანასოფლელი გადმოვიდა და მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ თემაზე ოჯახში არავინ საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით კი მკვლელობა წლების წინ მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.
ნატყვიარები სოფლის რამდენიმე სახლს ეტყობა, ასფალტზე სხვადასხვა ადგილას სისხლის კვალვებიც ამ დრომდეა დარჩენილი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ძმებს ცეცხლსასროლი ჭრილობები ძირითადად გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული.
იორმუღალოს თემში დამნაშავის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ვერსიით ძმებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მათივე თანასოფლელმა ვალშარ კაიბოვმა ესროლა, მანქანაში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კაიბოვი ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავების დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია. ავტომობილით გაქცეული ვალშარ კაიბოვი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ადგილზევე დაადეს ხელბორკილები. მას თან ჰქონდა დანაშაულის ჩადენის იარაღიც, რომელიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულია დანაშაულის დამდასტურებელი არაერთი მტკიცებულება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…