გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ სისტემას 500 თანამშრომელი დაემატა, ტყის მცველთა ხელფასები გაორმაგდა, ხოლო ტყის აღდგენის ათწლიანი სტრატეგია 51 000 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმინეს.
პრეზენტაცია სხდომაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა სატყეო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე. რეფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2026 წელს დაიწყო და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. მისივე ინფორმაციით, უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ტყის მასივები პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ ტყის მცველებს.
მისივე თქმით, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 500 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 - 2500 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა.
ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, სრულად გაციფრულდა მონიტორინგი. ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში აშენდა სატყეო სამსახურის 2 ახალი ოფისი და რეაბილიტირებულია 9 ოფისი. ასევე, მოეწყო 68 საქმიანი ეზო, შეძენილია 110 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო სამუშაოებისთვის და 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა პარლამენტის წევრებს სააგენტოს მიერ 2027 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მისი თქმით, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტისთვის მომზადებულია ეკოტურიზმის განვითარების გეგმები და იდენტიფიცირებულია 40 საინვესტიციო ობიექტი.
ტყის აღდგენის გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრისას ბესიკ ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები და ათწლიანი სტრატეგიით, ქვეყნის მასშტაბით ეს ღონისძიებები, სულ 51 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, 2027 წელს შეიქმნება ძირითადი და დროებითი სანერგეები, რაც ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მიზანი ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადებაა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2014-2026 წლებში ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59 %-ზე, ხოლო 2027-2028 წლებში ინფორმაცია სრულად იქნება განახლებული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 100 %-თვის.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა და სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…