ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე გზაგამყოფს აწყობენ
ქობულეთის მერია აღმაშენებლის გამზირის 250-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 691 949 ლარს გადაიხდის. პროექტი გზაგამყოფის, წრიულის, განათების მოწყობასა და გამწვანებას ითვალისწინებს, სამუშაოებს კი შპს „ლეგიონი“ 90 დღის ვადაში შეასრულებს.

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის ერთ ნაწილში [მეგობრობის ქუჩის კვეთიდან ლესელიძის ქუჩის კვეთის ჩათვლით] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყობა წრიული, გზაგამყოფი ზოლი, გამწვანება, განათება, დაამონტაჟებენ შუქნიშანს და სხვა.
გზის დაახლოებით 250 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციაში ქობულეთის მერია 691 ათას 949 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლეგიონთან“ არის გაფორმებული.
ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის N86‐ის მიმდებარედ გზის გამყოფისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი კი მუნიციპალიტეტს 704 ათას 350 ლარით ქონდა გამოცხადებული.

ქობულეთი, გზაგამყოფის მოწყობის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე / 6.11.2026
ხელშეკრულება ქობულეთის მერიასა და „ლეგიონს“ შორის 2026 წლის 30 სექტემბერს დაიდო.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ „სამუშაოების დაწყებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანხმობა მიღებული იქნა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს.“
ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები სრულად 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
პროექტის რენდერისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ახალმოწყობილი წრიულის შუაში საათი დამონტაჟდება.
წრიულსა და გზაგამყოფ ზოლში კი სხვადასხვა მცენარეები დაირგვება. მათ შორის ტუია [130 ძირი], ფოტინია [15] და პალმა „ვაშინგტონი“ [ 57 ძირი].

ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / მარცხნივ – რენდერები პროექტიდან, მარცხნივ – წითელი ხაზით აღნიშნულია გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი
„ბათუმელები“ ქობულეთის მერიისგან ელოდება ინფორმაციას დაგეგმილია თუ არა გზაგამყობის მოწყობა აღმაშენებლის გამზირის სხვა მონაკვეთებში. პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…