საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილე იყო “ოცნების” პარტიული ზეიმი – ანი წითლიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე „ქართული ოცნების“ პარტიული ზეიმი იყო იმ ფონზე, როდესაც სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე იყო ოცნების პარტიული ზეიმი” – ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშნა. ეს თარიღი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როდესაც სასამართლოს წინაშე პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმების საკითხი განიხილება.
სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება არ არის. ის ინსტიტუციური ქცევით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტითა და საზოგადოების ნდობითაც უნდა დასტურდებოდეს.
სწორედ ამიტომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ინიციირებული საქმე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით პრობლემურია ამავე საქმის ინიციატორი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან სასამართლოს წარმომადგენელთა საზეიმო გარემოში გამოჩენა, მეგობრული პოზირება და ზეიმის ატმოსფერო.
ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე კითხვა: რამდენად შეესაბამება სასამართლოს ინსტიტუციური ნეიტრალიტეტისა და მოსამართლეთა ეთიკის სტანდარტებს ასეთი ღონისძიების ჩატარება მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე?
რატომ არ გადაიდო ღონისძიება, მით უფრო, რომ ის სასამართლოს ამოქმედების ზუსტ თარიღს — 1996 წლის 10 სექტემბერს — არ ემთხვევა?
იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი? თუ არა, რა იყო ამის მიზეზი?
რამდენად მისაღებია, რომ იმავე ღონისძიებაზე მოსარჩელე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საჯაროდ აკეთებდნენ კომენტარებს მიმდინარე საკონსტიტუციო დავაზე და ფაქტობრივად წინასწარ აცხადებდნენ, რა გადაწყვეტილებას ელიან სასამართლოსგან?
რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადმოვიდა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა?
რამდენად მართებულია საიუბილეო ფილმში თენგიზ შარმანაშვილის წარმოჩენა, რომელიც ამჟამად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლის მიერ ინიციირებულ საქმეზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს?
ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ერთ ღონისძიებას. ისინი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და საზოგადოების ნდობას.
სასამართლო, რომლის წინაშეც დგას პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს ნებისმიერ გარემოებას, რომელმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებთან არის დაახლოებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე უნდა ყოფილიყო კონსტიტუციური ღირებულებებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზეიმი. ნაცვლად ამისა მივიღეთ ქართული ოცნების პარტიული ზეიმი.
სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება გაცილებით მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს გვთავაზობს”. – განაცხადა ანი წითლიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე იყო "ოცნების" პარტიული ზეიმი, რაც კითხვებს აჩენს - ანი წითლიძე
ანა წითლიძე - როცა საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, განსაკუთრებით პრობლემურია ამ საქმის ინიციატორი გუნდის ლიდერებთან სასამართლოს წარმომადგენელთა საზეიმო გარემოში გამოჩენა, მეგობრული პოზირება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…