Reuters: ევროპაში სამგზავრო თვითმფრინავებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების ახალი ტალღა დაფიქსირდა
Reuters-ის ცნობით, ევროპაში სამგზავრო თვითმფრინავებზე ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებების ახალი ტალღა დაფიქსირდა, რის გამოც რამდენიმე რეისს მარშრუტის შეცვლა ან საგანგებო დაშვება მოუწია. ინციდენტების ფონზე ევროპელი ოფიციალური პირები რუსეთსა და ირანს ჰიბრიდულ თავდასხმებში ადანაშაულებენ.

ევროპის სხვადასხვა ავიაკომპანიამ ხუთშაბათს დილით ბომბის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა. მუქარის გამო რამდენიმე თვითმფრინავს დაგეგმილი მარშრუტის შეცვლა ან პოლიციის თანხლებით დაშვება მოუწია. ამ დროისთვის არცერთი შეტყობინება რეალური საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.
არცერთ ქვეყანას მომხდარზე პასუხისმგებელი პირი არ დაუსახელებია. ინციდენტები იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ევროპის ოფიციალური პირები რუსეთსა და ირანს ე.წ. ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დივერსიულ აქტებში ადანაშაულებენ. მოსკოვი და თეირანი მსგავსი კამპანიის წარმოებას უარყოფენ, წერს სააგენტო.
ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის რეისს EI402, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში მარშრუტი შეაცვლევინეს და პარიზიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ევროს აეროპორტში დასვეს. ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.
ბულგარეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო ქვეყანაში სამმა თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კოპენჰაგენიდან და მადრიდიდან მიმავალი თვითმფრინავები სოფიაში უსაფრთხოდ დაეშვნენ. მესამე თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან მიფრინავდა, ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქ პლოვდივში გადაიყვანეს.
ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, ხუთშაბათს პრაღისკენ მიმავალ ოთხ თვითმფრინავზე ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღეს. სამართალდამცველები თვითმფრინავების დასაშვებად ემზადებოდნენ, თუმცა შეტყობინებების სანდოობის ხარისხი დაბალი აღმოჩნდა.
ფინური ავიაკომპანია Finnair-ის თვითმფრინავი, რომელიც ჰელსინკიდან რომში მიფრინავდა, იტალიის საჰაერო ძალებმა დანიშნულების აეროპორტამდე უსაფრთხოდ გააცილეს. Finnair-ის კიდევ ერთი რეისი, რომელსაც დანიური ჩარტერული კომპანია Jettime ასრულებდა და რომელიც ასევე ჰელსინკიდან მიფრინავდა, ბომბის მუქარის მიღების შემდეგ ვენაში ჩვეულებრივად დაეშვა.
პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა განაცხადა, რომ ვარშავიდან ბრიუსელის მიმართულებით შესრულებული რეისი უსაფრთხოების შესახებ შეტყობინების შემდეგ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში საეჭვო ნივთები არ აღმოუჩენიათ. ამასთან, პარიზის მიმართულებით მიმავალი LOT-ის კიდევ ერთი თვითმფრინავი აფრენამდე, ასაფრენ ბილიკზე გადაადგილებისას გააჩერეს. უსაფრთხოების მიზნით, მგზავრები სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს.
იტალიური მედიის ცნობით, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, მილანიდან ვარშავის მიმართულებით Wizz Air-ის რეისს ვენაში დაშვება მოუხდა.
სამშაბათს ბომბის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები სულ მცირე შვიდმა თვითმფრინავმა და ერთმა საკრუიზო გემმა მიიღო, რამაც ევროპის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია. მაშინაც ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ, წერს Reuters-ი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…