კრემლში დარწმუნებული არიან, რომ ტრამპი გააგრძელებს თავის საგარეო პოლიტიკას
დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში დემოკრატების გამარჯვების მიუხედავად, დონალდ ტრამპი საგარეო კურსს გააგრძელებს, ხოლო მოსკოვის ინტერესები ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე BBC-ს კორესპონდენტმა სტივ როზენბერგმა ჰკითხა, კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხება აისახება თუ არა კრემლის გათვლებზე უკრაინასთან მიმართებით, როცა ზოგიერთი რუსული გამოცემა წერს აშშ-თან გარიგებისა და უკრაინის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის რაღაც ფანჯარაზე, რომელიც შესაძლოა, ორ თვეში დაიხუროს, როცა მუშაობას დაიწყებენ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ახალი შემადგენლობები დემოკრატების კონტროლით.
„პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი აზრით, შეერთებული შტატების შიდა საქმეა“, - იყო პესკოვის პასუხი.
პუტინის პრესმდივნის განცხადებითვე, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოა და მისი ინტერესები „უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“.
ამ შემოდგომაზე ურთიერთობები კიდევ ერთხელ გამწვავდა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება.
ამ დაძაბულობას დაემთხვა უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გადაცემისა და უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ამერიკული თანამგზავრული კავშირის, Starlink-ის შეფერხება.
ამ მოვლენების შემდეგ, 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც შეჩერებული იყო 2026 წლის თებერვლიდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და ზედა პალატის, სენატის 100 წევრიდან 35.
ამ არჩევნებამდე კონგრესის ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.
3 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 218 ადგილზე მეტი. დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან სენატშიც და 51 წევრზე მეტი ეყოლებათ.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ისეთ შტატებშიც, სადაც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ. ამ შტატებს შორისაა კანზასი და ტეხასი.
თავისი წარმატებული პოლიტიკის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მუდმივი განცხადებების მიუხედავად, კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა საწვავის, ელექტროენერგიის, სურსათის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებით ამომრჩევლებში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.
არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გართულდება მისთვის სასურველი ინიციატივების გატარება და შესაბამისი კანონების მიღება და გაძლიერდება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი.
ციტატები სტატიიდან
„პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი აზრით, შეერთებული შტატების შიდა საქმეა“
„უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…