ყანჩელი, რომელიც პოლიციას ძალადობასა და სექსუალურ მუქარაში ადანაშაულებს, დაზიანებების ამსახველ ფოტოებს ასაჯაროებს
აქტივისტი სერგეი ყანჩელი, რომელიც პოლიციას სასაფლაოზე ცემასა და სექსუალურ მუქარაში ადანაშაულებს, დაზიანებების ფოტოებს ასაჯაროებს. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო.
სერგეი ყანჩელი, რომელიც პოლიციას ძალადობასა და სექსუალურ მუქარაში ადანაშაულებს, დაზიანებების ამსახველ ფოტოებს ასაჯაროებს.
აქტივისტის თქმით, ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ მიხვდა, რომ გამოძიება არ რეაგირებს, ამიტომ მოძალადე პოლიციელების დასასჯელად ბრძოლის მეთოდებს ცვლის.
ყანჩელი ამტკიცებს, რომ კუკიის სასაფლაოზე პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, შეუძლია მოძლადეების ამოცნობაც, თუმცა პროკურატურა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს უბრალოდ არ ატარებს.
მე გამოვაქვეყნე ფოტოები, დაზიანებების, ეგრევე რაც შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, გამოძიების მოთხოვნით, თავიდანვე იყო მითითებული ეგ ფოტოები, მაგრამ არანაირი რეაქცია მაგის შემდეგ აღარ ჰქონიათ, არავინ დამკავშირებია, არცერთი ადამიანი არ გამოკითხეს დღემდე. ჩვენი არცერთი მოთხოვნა, არცერთი მოქმედება საგამოძიებო არ ჩატარებულა, ჩემი გამოკითხვის გარდა. სახეზე ჩანს ის დაზიანება, რაც მივიღე იმის შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა დამარტყა სახეში დანით და გამიკაწრა სახე. ფეხებზე არის პატარა ნაკაწრები, იმ დროს, სანამ მცემდნენ, ერთ-ერთ საფლავზე დაცემის დროს შეიძლება ნაკაწრები მივიღე, - ამბობს ყანჩელი.
აქტივისტი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი პოლიციელების მხრიდან სექტემბრის ბოლოს გახდა, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან შევიწროვების მსხვერპლი რამდენიმ თვის განმავლობაში იყო.
მისი მტკიცებით პოლიციელები თითქმის ყოველდღე შემოწმების მიხნით აჩერებდნენ და უკანონოდ ჩხრეკდნენ.
ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიწყო, იმ პირველი ეპიზოდით, რაც მარჯანიშვილზე მოხდა, რასაც მაშინ იმდენად დიდი ყურადღება არ მივაქციე, მეგობრებს გავუზიარე, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი დაკავება უნდოდათ, მაგრამ არ დამაკავეს და გავაგრძელე ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად. ზუსტად მეორე დღეს, იგივე რომ მოხდა, თან ეს ყველაფერი მოხდა დღისით, 12 საათზე ვიყავი მარჯანიშვილზე. მერე ერთხელ კვირაში მაინც მჩხრეკდნენ. იყო მაგალითად ერთი შემთხვევა, როდესაც სანაპიროზე დავრბოდი, სირბილის დროსაც გამაჩერეს, იმ დროს ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ჩემი დაშინება უნდოდათ იმ კუთხით, რომ უნდათ მაჩვენონ, რომ მიყურებენ, თუ მოუნდებათ, გამაჩერებენ, ასე გაგრძელდა 1-2 თვის განმავლობაში, იმ დღემდე, როცა გამაჩერეს და ის ყველაფერი მოხდა. როგორც აქტივისტი ბევრ რამეს ვაკეთებდი, მაგრამ რამე განსაკუთრებული არ ყოფილა, - ამბობს ის.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…