რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ავარიული სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მოსწავლეების ალტერნატიულ სივრცეში დროებით გადაყვანის საკითხები. სამინისტრომ სკოლის წარმომადგენლებს სხვა სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, ასევე იგეგმება ახალი სკოლის მშენებლობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება. კერძოდ:
რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის;
რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის საკითხი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი, შესაბამისი ფართის მოძიების მიმართულებით.
თამარ მახარაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებულად დაიწყებს იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.
21-ე სკოლა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დაიხურა, რასაც მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების პროტესტი მოჰყვა. სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…