განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მოსწავლეთა დროებით სხვა საჯარო სკოლაში გადაყვანის ან ალტერნატიული ფართის მოძიების საკითხები განიხილეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება.
კერძოდ:
• რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის;
• რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი
უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის საკითხი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი, შესაბამისი ფართის მოძიების მიმართულებით.
თამარ მახარაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებულად დაიწყებს იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.