საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ თბილისში გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 50-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო
საქპატენტისა და WIPO-ს ორგანიზებით თბილისში გამართულ შეხვედრას 50-მდე ქართული კომპანია დაესწრო, სადაც საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის დაცვისა და მადრიდის სისტემით სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის საკითხები განიხილეს.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში ღონისძიება გაიმართა, სადაც WIPO-ს ექსპერტებთან და საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად ორმოცდაათამდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესსექტორისთვის საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის დაცვის შესაძლებლობების უკეთ გაცნობა, ასევე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის, სამართლებრივი დაცვისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანი მართვის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ და WIPO-ს ცენტრალური ევროპის, ბალტიის სახელმწიფოებისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების განყოფილების პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ემილ ჰასანოვმა. შეხვედრას უძღვებოდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში WIPO-ს ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს მადრიდის სისტემის ძირითადი უპირატესობები, საერთაშორისო განაცხადის წარდგენის პროცედურები, ასევე, სამიზნე ქვეყნების შერჩევის პრინციპები და საერთაშორისო რეგისტრაციის მართვის საკითხები. გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს eMadrid-ის ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მისი გამოყენების უპირატესობები საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და მართვის პროცესში. აღსანიშნავია, რომ მადრიდის სისტემა სასაქონლო ნიშნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით განმცხადებელს შეუძლია ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის დაცვა 133 ქვეყანაში.
შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის, ასევე ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გეგმავენ საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას და სურთ თავიდან აიცილონ საკუთარი ბრენდების უნებართვო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის მზარდი დინამიკა შეინიშნება, 2025 წელს, ადგილობრივი განმცხადებლების მომართვის საფუძველზე საქპატენტმა 912 სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა. 2026 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით კი 827 სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, საქმისწარმოება კი მიმდინარეობს 1099 განაცხადზე. აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს ბიზნესისთვის ბრენდის სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობაზე და კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხს.
ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…