საქპატენტის, KIU-სა და WIPO-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული 5 უცხოელი სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია დააფინანსებს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული ხუთი უცხოელი სტუდენტის სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს WIPO სრულად დააფინანსებს. საკითხი საქპატენტის თავმჯდომარისა და WIPO-ს აკადემიის დირექტორის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 5 უცხოელი სტუდენტის საქართველოში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს WIPO სრულად დააფინანსებს. WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი საქპატენტის მოწვევით ამჟამად საქართველოში იმყოფება. მან საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად შეხვედრა გამართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ 2025 წელს დაინერგა. დღეს პროგრამას უკვე 14 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამას 27 სტუდენტი გაივლის, მათგან 19 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 8 - უცხოელი სტუდენტი.
WIPO-ს ინიციატივითა და დაფინანსებით, პროგრამაზე KIU-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად, სწავლებას უძღვებიან პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის არიან: დიოგო კოშტა კუნია, სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევების ცენტრის (CEIPI) პროფესორი; ენრიკო ბონადიო, დიდი ბრიტანეთის City University of London-ის პროფესორი, ასევე, ალესანდრო კოგო, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი და შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები - დომინიკ ფორე და გაეტან დე რასენფოსი.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ WIPO-ს 18 ექსკლუზიურ პროგრამას შორის ერთ-ერთია და რეგიონში უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას წარმოადგენს. პროგრამა ქმნის საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ახალ შესაძლებლობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.