₾10 მილიონზე მეტი სესხის გაცემა მთავრობის ნებართვით - ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მანდატი იზრდება
ეკონომიკის განვითარების კორპორაციას კერძო სექტორისთვის პირდაპირი, ჰიბრიდული და სინდიცირებული სესხების გაცემის უფლება მიენიჭა: 10 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კრედიტის დასამტკიცებლად მთავრობის ნებართვა იქნება საჭირო.

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას კერძო კომპანიებისთვის პირდაპირი და ჰიბრიდული სესხების გაცემა, კომერციულ ბანკებთან ერთად ბიზნესპროექტების დაფინანსება და კომპანიების კაპიტალში წილობრივი მონაწილეობა შეეძლება. მთავრობის 2026 წლის 2 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული ახალი პროგრამა განსაზღვრავს, რა პირობებით და რა ფინანსური რესურსებით შეძლებს კორპორაცია კერძო სექტორის დაფინანსებას. კორპორაციის მანდატის გაფართოების შესახებ მთავრობამ პრეზენტაცია 20 ოქტომბერს გამართა, რასაც როგორც პრემიერ-მინისტრი ასევე, ეკონომიკის მინისტრი და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ, დღეს კი ცნობილი გახდა ახალი პროგრამების ბიუჯეტი და საკრედიტო დაფინანსების გაცემის კრიტერიუმები.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, 10 მილიონ ლარზე მეტი პირდაპირი ან ჰიბრიდული სესხის გაცემას საქართველოს მთავრობის თანხმობა დასჭირდება. 2 მილიონ ლარამდე სესხების გაცემის გადაწყვეტილებას კორპორაციის სპეციალური კომიტეტი მიიღებს, 2-დან 10 მილიონ ლარამდე სესხებზე კი გადაწყვეტილების უფლებამოსილება სამეთვალყურეო საბჭოს ექნება. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება რომ დადგენილებაში არ არის განსაზღვრული კრედიტის ლიმიტი, რომელიც კორპორაციამ შეიძლება დაამტკიცოს, მისი ქვედა ზღვარი კი 10 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამა დაფინანსების სამ ძირითად ინსტრუმენტს ითვალისწინებს: პირდაპირ და ჰიბრიდულ სესხებს, სინდიცირებულ სესხებსა და კომპანიების კაპიტალში პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას. კრედიტების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს რომ კორპორაცია საკუთარ თავზე სავალუტო რისკებს არ აიღებს.
პირდაპირი და ჰიბრიდული სესხები
ახალი პროგრამის ფარგლებში კორპორაციას შეეძლება, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ბიზნესს პირდაპირი სესხები გამოუყოს. ამასთან, გათვალისწინებულია ჰიბრიდული დაფინანსების მექანიზმიც, რომელიც სასესხო და წილობრივი დაფინანსების ელემენტებს აერთიანებს.
კერძოდ, ჰიბრიდული სესხის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კომპანიის ვალდებულების მის წილში ან აქციებში კონვერტაცია. ასევე, კორპორაციას შეეძლება, სესხის სანაცვლოდ მსესხებელი კომპანიის მოგების შეთანხმებული ნაწილი მიიღოს ან გამოიყენოს სასესხო და წილობრივი დაფინანსების სხვა კომბინირებული მექანიზმები.
პირდაპირი და ჰიბრიდული სესხების მისაღებად კომპანიას საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში საკუთარი თანამონაწილეობაც მოეთხოვება. კერძოდ, მეწარმის მიერ გაწეული თანამონაწილეობა პროექტის კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30% უნდა იყოს. ამ თანხის დაფინანსება შესაძლებელია კომპანიის თავისუფალი ფულადი სახსრებით ან მისი პარტნიორისა თუ აქციონერის მიერ კაპიტალში განხორციელებული ფულადი შენატანით.
სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში გაიცემა. პირდაპირი სესხის საპროცენტო განაკვეთი კი არ უნდა იყოს შესაბამისი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებების ნულოვანი განაკვეთის შემოსავლიანობის მრუდით განსაზღვრულ განაკვეთსა და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს შორის უდიდეს მაჩვენებელზე ნაკლები.
სინდიცირებული სესხები
მეორე ინსტრუმენტი სინდიცირებული სესხებია. ამ შემთხვევაში კორპორაცია ბიზნესპროექტებს კომერციულ ბანკებთან, მიკრობანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ან საინვესტიციო ფონდებთან ერთად დააფინანსებს.
სინდიცირებულ სესხში კორპორაციის თანამონაწილეობა სესხის ძირითადი თანხის მაქსიმუმ 45%-ით განისაზღვრება. კორპორაციის მიერ გამოყოფილი თანხა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ლარში გაიცემა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი შესაბამისი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებების შემოსავლიანობის მაჩვენებელსა და რეფინანსირების განაკვეთს შორის უდიდეს მაჩვენებელზე ნაკლები ვერ იქნება.
სინდიცირებულ სესხებში კორპორაციის მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაც თანხის მიხედვით ნაწილდება. 5 მილიონ ლარამდე თანამონაწილეობას კომიტეტი დაამტკიცებს, 5-დან 20 მილიონ ლარამდე თანხას სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, ხოლო 20 მილიონ ლარზე მეტი თანამონაწილეობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
კომპანიების კაპიტალში მონაწილეობა
მესამე ინსტრუმენტი კომპანიების კაპიტალში პირდაპირი წილობრივი მონაწილეობაა. ეს ნიშნავს, რომ კორპორაციას შეეძლება, კერძო კომპანიების პარტნიორი ან აქციონერი გახდეს და საინვესტიციო პროექტებში არა მხოლოდ კრედიტორის, არამედ უშუალოდ ინვესტორის როლიც შეასრულოს.
კომპანიის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. კორპორაციის დირექტორი კი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ინსტრუმენტით სარგებლობის კრიტერიუმებს, პირობებსა და მონიტორინგის წესებს.
რა წყაროებიდან დაფინანსდება ახალი პროგრამა
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები, კორპორაციის მიერ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში აკუმულირებული ფულადი რესურსი და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები.
კერძოდ, საუბარია 2019 წელს დამტკიცებული საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში კორპორაციის მიერ აკუმულირებულ თანხებზე. დადგენილება აზუსტებს, რომ ამ რესურსში არ იგულისხმება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვა სახელმწიფო პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
გარდა ამისა, პროგრამის დაფინანსება შესაძლებელი იქნება საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრებითაც, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან. ამ შემთხვევაში დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციის მეშვეობით, ან თანხა სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე ჩაირიცხოს.
პროგრამის წლიურ ბიუჯეტს კორპორაციის დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს. ამასთან, პროგრამის განხორციელება შესაძლოა შეჩერდეს, თუ კორპორაციის მიერ აღებული ვალდებულებების ჯამური მოცულობა დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბებს.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გაფართოებული მანდატი - რა პროექტები დაფინანსდება
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს საფუძველზე დააფუძნა. თავდაპირველად მისი საქმიანობა ძირითადად ბიზნესის მხარდაჭერის არსებული სახელმწიფო პროგრამების მართვას უკავშირდებოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება.
20 ოქტომბერს კორპორაციის გაფართოებული მანდატის პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას მსხვილი პროექტების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება, პირდაპირი სესხების გაცემა და პროექტებში წილობრივი მონაწილეობა შეეძლება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებიც შეერწყმება. ამით ორგანიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გარდა, მსხვილი სტრატეგიული პროექტების დაფინანსებაშიც ჩაერთვება.
კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორგანიზაცია ჯამში 40 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერაში მიიღებს მონაწილეობას. მისივე განმარტებით, აქედან 16 მილიარდი ლარი არსებული პროგრამების ფარგლებში მოდის, 7 მილიარდი ლარის პროექტების მხარდაჭერა ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით იგეგმება, 16 მილიარდი ლარის კერძო სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებაში კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს, ხოლო კერძო კაპიტალის ფონდების მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა 1 მილიარდი ლარი იქნება.
გაბრიაძის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგეტიკის სექტორია. კორპორაციის მიზანია, მომდევნო 10 წელში ქვეყნის დადგმული ენერგეტიკული სიმძლავრეები გაორმაგდეს და ხელი შეეწყოს სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიმდინარე დაფინანსებას, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 5 მილიონი ლარი ადმინისტრაციულ ხარჯებს, ხოლო 195 მილიონი ლარი უშუალოდ პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…