“ამერიკის არჩევნების მთავარი შედეგი” – გია ნოდია
პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, აშშ-ის არჩევნების მთავარი შედეგი ისაა, რომ ტრამპი ოფიციალურად გადავიდა მილევად რეჟიმში, რადგან ხალხმა მის მოწოდებას დაუჯერა და პირადად მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

პოლიტოლოგი, გია ნოდია:
ამერიკის არჩევნების მთავარი შედეგია, რომ ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, ოფიციალურად გადავიდა მილევად რეჟიმში.
შეიძლება მითხრათ, რომ ეს ნემისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა – მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წელი დაიწყო. მაგრამ ასეთი მტკივნეული მარცხის შემდეგ მისი „მილევადობა“ (ან „კოჭლი იხვის“ სიკოჭლე) განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდება.
ტრამპმა ამომრჩევლებს უთხრა, წარმოიდგინეთ, რომ მე ვწერივარ საარჩევნო ბიულეტენში, და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებაო. ხალხმა ამაში დაუჯერა და პირადად მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ახლა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რა მოხდება თითოეული პოლიტიკური პარტიის შიგნით. ტრამპს სრული კონტროლი ჰქონდა რესპუბლიკელებზე, თუმცა ბევრ მათგანს ის სულაც არ ეხატებოდა გულზე. ამის ახსნა მარტივია – ტრამპთან ღიად დაპირისპირებულ რესპუბლიკელებს (ლიზ ჩეინის, ადამ კინსიჯერს და სხვებს) პოლიტიკიდან წასვლა მოუხდათ. ახლა როგორ იქნება? გახდება ტრამპთან ასოცირება, პირიქით, წამგებიანი?
მეორეს მხრივ, 2024 წლის მარცხის შემდეგ ზოგი საღად მოაზროვნე დემოკრატი საუბრობდა პარტიის გარდაქმნის საჭიროებაზე, კერძოდ, იდეოლოგიურად ექსტრემელური ფრთის (რომელსაც იმხანად „ვოუქებს“ ეძახდნენ) ჩაჩოჩებაზე. მაგრამ ახლა დემოკრატები თვითკრიტიკის ხასიათზე აღარ იქნებიან. მათ რიგებში ძლიერდება ულტრამემარცხენე ფრთა, „დემოკრატიული სოციალისტები“, რომელთა მომხრეების და ლიდერების დაახლოებით ნახევარი თავს კომუნისტად თვლის (ანუ ზომიერი ევროპელი სოციალ-დემოკრატების მსგავსი ხალხი არ გეგონოთ).
მთავარი, სტრაეგიული საკითხია: გაგრძელდება უკიდურესი პოლარიზაცია, როდესაც ორივე პარტიაში რადიკალური პოზიციების მქონე ხალხია წამყვანი? თუ უფრო ზომიერი, ცენტრისტული ძალები გაძლიერდებიან? ეს უკანასკნელი კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას ჯერ პირი არ უჩანს.
თორემ ტრამპი ისედაც წამსვლელი იყო, ახლა უფრო დასუსტებული წავა.
P.S. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: შიშები ამერიკული დემოკრატიის ჩამოქცევაზე არ გამართლდა. ორი წლის წინ ხალხი დემოკრატებზე იყო გაბრაზებული და ტრამპს მისცა ხმა, ახლა ტრამპზეა გაბრაზებული და დემოკრატებს დაუჭირა მხარი – ანუ, როგორც არის ხოლმე დემოკრატიებში. რეპუბლიკელებმაც მშვიდად აღიარეს შედეგები, 2021-ის იანვარი არ განმეორებულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…