პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროკომისია უკრაინას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს - ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების უფრო ფრთხილ გეგმას ამზადებს

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების უფრო ფრთხილ გეგმას ამზადებს და კიევს კანონის უზენაესობის რეფორმების სასწრაფო დაჩქარებისკენ მოუწოდებს, თუმცა გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

POLITICO: ევროკომისია უკრაინას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს - ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების უფრო ფრთხილ გეგმას ამზადებს
იმედინიუსი

ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის უფრო ფრთხილ საგზაო რუკას ამზადებს. დოკუმენტი, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, 2027 წელს პროგრესის მიღწევის შეზღუდულ მიზნებს განსაზღვრავს, თუმცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ბრიუსელი დიდი ხანია ცდილობს, უკრაინა ევროკავშირს უფრო მჭიდროდ დაუკავშიროს. ეს ძალისხმევა რუსეთის ომის შემდეგ ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. საბოლოო ჯამში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კიევს ევროპულ ინსტიტუტებში მყარად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს და რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შესაძლებლობას გაართულებს.

დოკუმენტში ბრიუსელი კიევს მოუწოდებს, „სასწრაფოდ და მნიშვნელოვნად დააჩქაროს კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმების გატარება“. საგზაო რუკის თანახმად, 2027 წლის პირველ ნახევარში ამ სფეროში ძირითადი მოთხოვნების შესრულება აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ცალკეულ პოლიტიკურ სფეროებში მოლაპარაკებები დროებით დასრულებულად ჩაითვალოს.

დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის გაფართოების პაკეტის ნაწილია და ოთხშაბათს უნდა წარადგინონ, განსაზღვრავს შვიდ პოლიტიკურ სფეროს, რომლებშიც უკრაინამ შესაძლოა მოლაპარაკებები მომდევნო წელს დროებით დაასრულოს. ამასთან, ის აჩვენებს, რამდენი სამუშაო აქვს ქვეყანას ჯერ კიდევ გასაწევი ევროკავშირში გაწევრიანებამდე და რამდენად რთულია აუცილებელი რეფორმების განხორციელება მიმდინარე ომის პირობებში.

დოკუმენტი ასევე წარმოაჩენს მზარდ სხვაობას უკრაინასა და მოლდოვას შორის, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებიც დიდი ხნის განმავლობაში პარალელურად ვითარდებოდა. ახლა მიიჩნევა, რომ მოლდოვას გაცილებით სწრაფი პროგრესის მიღწევა შეუძლია, რაც ზრდის ალბათობას, რომ ორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარიმართოს.

დოკუმენტის თანახმად, მაშინ როდესაც ბრიუსელი უკრაინისთვის 2027 წელს შვიდ სფეროში პროგრესს ისახავს მიზნად, მოლდოვამ მოლაპარაკებები შესაძლოა 20-ზე მეტ სფეროში დაასრულოს.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა - რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხ დღეში. მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ერთდროულად, 2022 წლის ივნისში მიიღეს, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში, ერთსა და იმავე დღეს, ოფიციალურად დაიწყეს.

მას შემდეგ კიევმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკუთარი კანონების შესაბამისობის დეტალური შეფასება დაასრულა და რამდენიმე ძირითად პოლიტიკურ სფეროში მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. ოქტომბერში უკრაინამ და მოლდოვამ მოლაპარაკებები ევროკავშირის შიდა ბაზრის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებზეც დაიწყეს.

ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ ვალდებულებას არ გულისხმობს. კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობა და ინსტიტუტები ევროკავშირის სტანდარტებს მოლაპარაკების 35 სფეროში უნდა შეუსაბამონ. ბრიუსელის ტერმინოლოგიით, ამ სფეროებს კლასტერები ეწოდება. ისინი მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობასა და სურსათის უვნებლობას, ისე კონკურენციის წესებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საგარეო პოლიტიკას.

ევროკომისიის საგზაო რუკაში მხოლოდ შვიდი ასეთი სფეროა განსაზღვრული, რომლებშიც უკრაინამ მოლაპარაკებები შესაძლოა 2027 წელს დროებით დაასრულოს. წლის პირველ ნახევარში ეს მიზანი განათლებისა და კულტურის სფეროს ეხება, ხოლო მეორე ნახევარში - ინტელექტუალური საკუთრების, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, სამრეწველო პოლიტიკის, კვლევების, საგარეო ურთიერთობებისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებს.

ევროკომისია აღიარებს, რომ საჭირო ცვლილებები რთულია და მოითხოვს ფართო კონსულტაციებს, დროსა და რესურსებს. უკრაინისთვის პროგრესის მიღწევის ხელშესაწყობად ბრიუსელმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას დამატებით დახმარებას გაუწევს.

სირთულეებს კიდევ უფრო ამძიმებს ომი, რომელიც უკრაინის მთავრობასა და პარლამენტს განსაკუთრებულად დიდ დატვირთვას უქმნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კანონების მიღებისა და განხორციელების პროცესში, წერს გამოცემა.

დოკუმენტში ევროკომისია თავს იკავებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებისგან. ანალოგიურად ფრთხილ მიდგომას იყენებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ალბანეთსა და მოლდოვასთან მიმართებითაც.

გაურკვევლობა ასევე ასახავს უფრო ფართო გამოწვევას — ევროკავშირში იმ ქვეყნის მიღებას, რომელიც არსებობისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს.

ევროკავშირის წესები პირდაპირ არ კრძალავს ომში მყოფი ქვეყნის გაწევრიანებას, თუმცა უკრაინის მიღება რთულ კითხვებს წარმოშობს უსაფრთხოებასთან, ტერიტორიულ საკითხებთან და იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ თავზე აიღებენ ბლოკის წევრის მიმართ ურთიერთდახმარების დებულებების ფარგლებში.

მაშინაც კი, თუ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, ეს ავტომატურად ვერ მოაგვარებს აღნიშნულ საკითხებს და ვერც უკრაინისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საჭიროებას გააქრობს. ცალკეულ სფეროებში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგაც კი კიევს ევროკავშირის წევრობამდე კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს. მათ შორისაა გაწევრიანების ხელშეკრულება, რომელსაც დამტკიცება და რატიფიცირება დასჭირდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასწრაფოდ და მნიშვნელოვნად დააჩქაროს კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმების გატარება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია დღეს წარადგენს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები