ჯო უილსონი კონგრესის შუალედურ არჩევნებში იმარჯვებს
აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში „მეგობარი აქტის“ ინიციატორი ჯო უილსონი ხმების 49,8%-ით იმარჯვებს. ამავე დროს, კონგრესში უმრავლესობას დემოკრატები იღებენ, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

წინასწარი მონაცემებით, უილსონმა მიიღო 147 620 ხმა (49,8%), ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატმა ზაიონ ხალიფამ - 144 593 ხმა (48,8%). მესამე კანდიდატს, დაინა სმიტს, ხმა მისცა 3 665-მა ამომრჩეველმა (1,2%).
NBC News-ის ცნობით, დათვლილია ხმების 99%. უილსონს გამარჯვება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
ჯო უილსონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია 2001 წლიდან. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი და „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ინიციატორია. უილსონი ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა.
წინასწარი შედეგებით, კონგრესის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევენ დემოკრატები, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატები მოიპოვეს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის შუალედურ არჩევნებში თანაპარტიელების წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ თავად არჩევნებში კენჭს არ იყრიდა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების დაწყების შემდეგ მან გამოცემა The New York Times-ს უთხრა, რომ მზად არის, დემოკრატებთან ითანამშრომლოს. მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდებოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…