არც უსამართლობა იყო და არც კორუფცია - გიული ალასანიას აზრით, არათუ დანაშაული, მიხეილ სააკაშვილს შეცდომაც კი არ აქვს დაშვებული
გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო იყო და შეცდომაც არ დაუშვია, რასაც მმართველ გუნდში ბრალდებებისა და სასამართლოს განაჩენების შეხსენებით უპასუხეს.

პატიმარი ექსპრეზიდენტის დედა იაგო ხვიჩიას პოდკასტში ირწმუნებოდა, რომ არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წარდგენილი ბრალის, თუ უკვე შეფარდებული მსჯავრის მიუხედავად, მისი შვილი მაინც უდანაშაულო, სამართლიანი და მუდმივად კორუფციასთან მებრძოლი იყო.
სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის გზა, დადასტურებული დანაშაულები და კორუფციული ფაქტები, პოლიტიკური ამნეზიის გამო, გიული ალასანიას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. მათ შორის ისიც, თუ როგორ გადასცა პრეზიდენტმა შვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი შენობა 1 ლარად, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - სააკაშვილის გარემოცვას ისიც შეახსენეს, რომ თავად სააკაშვილი იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტისა და ყველა იმ სისტემური დანაშაულის ავტორი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლამდე ჩადიოდა.
ფაქტების უარყოფის ტრადიცია სააკაშვილის თანაგუნდელებს არც დღეს დაურღვევიათ. გიული ალასანიას მსგავსად, "ნაცმოძრაობაშიც" ერთმანეთის მიყოლებით ირწმუნებოდნენ, რომ მათი ლიდერი არც დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ყოფილა და არც ძალაუფლება გამოუყენებია ბოროტად.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები კი "ქართული ოცნებისთვის" საპირისპიროს ამტკიცებს. მათ შორისაა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე და კარგად ცნობილი 9 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურებისთვის, მოგზაურობისთვის, ქაშმირის პალტოსა თუ ძვირადღირებული პიჯაკებისა და საჩუქრების შესაძენად დახარჯა. უმრავლესობის თქმით, ეს სწორედ ის 9 მილიონია, რომლის გაფლანგვისთვისაც ექსპრეზიდენტს 9-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სააკაშვილის 9-წლიან დანაშაულებრივ ქრონიკას საკონსტიტუციო სარჩელზე დართული მტკიცებულებები ასახავს, სისტემური დანაშაულების ანატომიას კი თავად საზოგადოებაც უკვე კარგად იცნობს, მათ შორის - "საქართველოს უნივერსიტეტის" საქმეს, რომელიც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ შეახსენა.
სააკაშვილის ხელისუფლების სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზე საუბარია საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნაშიც, რომელიც, თავის მხრივ, დაზარალებული მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა და, "ნაციონალების" ასაკრძალად, მოსარჩელეების მთავარი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…