„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს
„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ მნიშვნელოვან წილს ყიდულობს, რაზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აქციონერების შესაფერისობა უკვე დაადასტურა.

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს. როგორც კომპანიის დირექტორმა არჩილ ბაკურაძემ BM.GE-ს განუცხადა: „ამ ეტაპზე „ლოტუს იმპექტ ფაინენსს“ „კრისტალში“ მნიშვნელოვანი მინორიტარული წილი აქვს“, თუმცა გარიგების დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსისა“ და მასთან ერთობლივად მოქმედი აქციონერების შესაფერისობა დაადასტურა, რომელიც მიკრობანკი „კრისტალის” მნიშვნელოვანი წილის შეძენას უკავშირდება.
„ჩვენ მოთმინებით ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და მარეგულირებელსაც სჭირდება გარკვეული დრო. მადლიერები ვართ პროცესისთვის“, - განუცხადა bm.ge-ს ბაკურაძემ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „კრისტალის” დამფუძნებელი აქციონერების ინტერესების გაერთიანებითა და ახალი, თანამოაზრე ინვესტორების მხარდაჭერით, „ლოტუსი” ყალიბდება საინვესტიციო, კორპორაციული მართვისა და ტექნოლოგიურ პლატფორმად, რომლის მიზანია კრისტალის დამოუკიდებელი განვითარება და მისი გრძელვადიანი წარმატება.
„კრისტალის ისტორია ქუთაისში დაიწყო, როდესაც აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მცირე მეწარმეებისა და ოჯახებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა გადავწყვიტეთ. ამ ინიციატივიდან ჩამოყალიბდა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დღეს ათიათასობით მომხმარებელს ემსახურება.
დღეს ჩვენ ვაერთიანებთ გამოცდილებას, კაპიტალსა და ახალ შესაძლებლობებს, რათა კრისტალმა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური მისია და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
გვჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები და ჯანსაღი კონკურენცია, რაც მომხმარებლებისთვის მეტ არჩევანსა და უკეთეს მომსახურებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
„ლოტუსის” სტრატეგიული პრიორიტეტებია საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტექნოლოგიური ინოვაციები და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონულ ბაზრებზე გაფართოება.
„ლოტუსი” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „კრისტალის” თანამშრომლების პროფესიონალიზმს, მომხმარებელთა ნდობასა და საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისა და კრედიტორების მნიშვნელოვან წვლილს კრისტალის განვითარებაში. პლატფორმა პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას საკუთარი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
ციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპზე „ლოტუს იმპექტ ფაინენსს“ „კრისტალში“ მნიშვნელოვანი მინორიტარული წილი აქვს“
„ჩვენ მოთმინებით ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და მარეგულირებელსაც სჭირდება გარკვეული დრო. მადლიერები ვართ პროცესისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…