როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია - ნინო წილოსანი ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს
ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროპელ პოლიტიკოსებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი თბილისში ძალადობრივ აქციებს ამართლებდნენ, საკუთარ ქვეყნებში კი მსგავს ფაქტებს რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ.
დემონსტრაციების მორიგი ტალღა ევროპაში - მასობრივი არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ჟანდარმს ცეცხლი წაეკიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარს ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობა უწოდა.
თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ, იხსენებენ როგორ აპროტესტებდნენ "მოლოტოვის კოქტეილს" სროლისთვის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ელჩები, როგორ მიმდინარეობდა მათი მხარდაჭერით კამპანია "მე ვისროლე" და რა განცხადებებს აკეთებდნენ ევროპის ლიდერები საქართველოში პროტესტის დროს და ახლა, როდესაც ძალადობრივი ქმედებები უკვე მათ ქალაქებში ხდება.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპაში მიმდინარე აქციებს შორის პარალელს ავლებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. მისი განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ძალადობრივ აქციებს დემოკრატიის სახელით ამართლებდნენ, ახლა კი მსგავს ქმედებებს საკუთარ ქვეყნებში განსხვავებულად აფასებენ. წილოსანი ევროპელი აქტორების პოზიციებში ორმაგ სტანდარტს ხედავს.
"დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილების" რომანტიზებას ევროპული დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა, ხოლო სხვადასხვა ევროპარლამენტარი ძალადობრივი აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა.
არც ის დროა შორს, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით ამართლებდნენ, ჩვენ კი თითის ქნევით გვასწავლიდნენ, როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, როგორ უნდა ყოფილიყო პოლიცია უმოქმედო და არ დაეკავებინა ძალადობაში მონაწილე პირები.
სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. "მოლოტოვის კოქტეილებიც" ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია.
ამ ორმაგი სტანდარტის ფონზე შეუძლებელია არ გავიხსენოთ იმ პერიოდში საქართველოში აკრედიტებული რიგი დიპლომატების "დიპლომატია". ისინი მოძალადეების დასაცავად განცხადებებს არ იშურებდნენ, სასამართლო პროცესებს არ ტოვებდნენ, მოსამართლეებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და თბილისის ქუჩებში მიმდინარე არეულობის მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავდნენ. არაერთხელ გვითქვამს - ასეთი "მშვიდობიანი პროტესტი" მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო.
კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…