ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, გრანტების სააგენტოს შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის სახეს ატარებდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად. მისი თქმით, სააგენტომ თავდაპირველად დაანონსებული ფუნქცია ვერ შეასრულა და მცირე თანხები გასცა. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან დაფინანსება „რუსული კანონის“ გამო შეწყდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემას აღარ აპირებს და სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება.

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი
"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილიBM.GE

გრანტების სააგენტოს შექმნა "ქართული" ოცნებისთვის მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის სახეს ატარებდა - ასე აფასებს გრანტის მართვის სააგენტოს გაუქმებას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" პროგრამების დირექტორი.

როგორც ლევან ავალიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, თავის დროზე "ოცნებამ" აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა, ახლა კი როგორც ჩანს, მმართველ ძალაში მის საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

ლევან ავალიშვილის თქმით, აღნიშნულმა სააგენტომ თავდაპირველად დაანონსებული ფუნქციაც ვერ შეასრულა, რადგან ცალკეულ ორგანიზაციებზე მხოლოდ მცირე თანხები გაიცა.

"ალბათ ეს იყო საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ, როდესაც ჩვენ „რუსულ კანონის“ წინააღმდეგ დიდი პროტესტი იყო, შორის საერთაშორისო დონეზეც იყო წინააღმდეგობა, მათი არგუმენტი იყო, რომ ეს არის გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ ვიძახდით, რომ მისი ამოცანა არის არასამთავრობო, დამოუკიდებელი სექტორის განადგურება და იმისთვის, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში თავისი კიდევ ერთი არგუმენტი ჰქონოდათ, სავარაუდოდ, შექმნეს ეს სააგენტო, რომლის მიზანიც იყო იმის ჩვენება, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ „არა, ჩვენ არ ვანადგურებთ, არასამთავრობო სექტორს, არამედ სახელმწიფო დაფინანსებით გავაკეთებთ იგივე საქმეს, რასაც ისინი აკეთებდნენ უცხოური დაფინანსებით“. ასეთი ამოცანა ჰქონდა ამ ინიციატივას, რომელიც არ განხორციელდა, როგორც ვხედავთ, ერთ წელიწადში იხურება სააგენტო.

თავიდან დაანონსებული იყო 18-20 მლნ ლარი ამ სააგენტოსთვის, შემდეგ აღმოჩნდა, სულ რაღაც 1.5 მლნ ლარი არის მათი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, 1.5 მლნ ლარით იმის კომპენსირება, რაც დაკარგა სახელმწიფომ, შეუძლებელია. არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორზეა აქ საუბარი, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც მათ შორის, გრანტებითაც ივსებოდა. ეს იყო პირდაპირი სახელმწიფო გრანტები, რომელიც მიემართებოდა სხვადასხვა უწყებებში. პირდაპირი გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული იყო 300-400 მილიონ ლარამდე წელიწადში. მაგალითად, კოვიდის დროს ყველაზე მაღალი იყო, დაახლოებით 420 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა. ეს იყო ფაქტობრივად საჩუქარი სხვადასხვა რეფორმების და პროგრამების განხორციელებისთვის. ახლა ბოლო პერიოდში არის ნული. არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, რომელიც თვითონ ცდილობს, რომ დაფინანსება მოიპოვოს კერძო სექტორიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, არამედ სახელმწიფოსაც ხომ შეუწყვიტა ევროკავშირმა [დაფინანსება], იქიდან გამომდინარე, რაც დაატრიალეს „რუსული კანონით“. ეს დახმარება ბიუჯეტსაც მოაკლდა,“ - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

ცნობისთვის, იმაზე, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემას აღარ აპირებს და გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.