50 მილიონზე მეტი ადამიანი მაღალი ფასების გამო გათბობის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს - ევროკომისარი მოსალოდნელ მძიმე ზამთარზე
ევროკომისარ დან იორგენსენის განცხადებით, მაღალი ფასების გამო 50 მილიონზე მეტი ევროპელი მომავალ ზამთარს სახლების გათბობას ვერ შეძლებს. შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქსელის გადასახადების, ინფრასტრუქტურისა და ელექტრიფიკაციის დაჩქარების ახალ ზომებს განიხილავენ.

"მომავალი ზამთარი ევროპის მოქალაქეებისთვის მძიმე იქნება - 50 მილიონზე მეტი ადამიანი ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გამო სახლების ჯეროვნად გათბობას ვერ შეძლებს" - ამის შესახებ ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრისას განაცხადა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები შექმნილი ვითარების შესამსუბუქებლად ქსელის გადასახადების, ინფრასტრუქტურისა და ელექტრიფიკაციის დაჩქარების ახალ ზომებს განიხილავენ.
იორგენსენის თქმით, ევროკავშირში კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად რთული ზამთარი ელოდებათ მოქალაქეებს. ყოველწლიურად თითქმის 50 მილიონი ევროპელი ვერ ახერხებს საცხოვრებლის სათანადოდ გათბობას, წელს კი ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება. ევროკომისარმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მაქსიმალურად დააჩქარონ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის პროცესი, ყურადღება გაამახვილონ განახლებად ენერგიაზე, გაზისა და ნავთობის ქვაბები ელექტრო სითბურ ტუმბოებით ჩაანაცვლონ და შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადავიდნენ.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ კრიზისს უკეთ მომზადებული ხვდება, ვიდრე 2022 წელს, რადგან გაზის მოხმარება 18%-ით შემცირდა, ხოლო მომარაგების წყაროები დივერსიფიცირდა. თუ ადრე გაზის 45% რუსეთიდან შედიოდა, ახლა ევროკავშირი რესურსებს მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლებისგან იღებს. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე წინა, რადგან ის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც ეხება.
იორგენსენის განმარტებით, მოქალაქისთვის, რომელსაც არ აქვს საშუალება იყიდოს საწვავი მანქანისთვის ან გაათბოს სახლი, პროდუქტის ფიზიკურ არსებობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მის ყიდვას ვერ ახერხებს. მისი თქმით, იგივე ეხება ბიზნესსაც, რომელიც სერიოზული წნეხის ქვეშაა, რის გამოც აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება.
შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ირლანდიის ენერგეტიკის მინისტრი დარაგ ო'ბრაიენიც, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. მან აღნიშნა, რომ არც ევროკავშირს და არც წევრ ქვეყნებს არ აქვთ „ჯადოსნური ჯოხი“ ფასების ზრდის შესაჩერებლად.
მინისტრის თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა უკვე გაატარეს მოკლევადიანი საგადასახადო ზომები და შეამცირეს აქციზი დიზელსა და ბენზინზე, თუმცა ახლა მთავარი მიზანი უფრო მდგრად გადაწყვეტილებებზე გადასვლაა. ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტი სწორედ ენერგოქსელებისა და მათთან დაკავშირებული გადასახადების ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და ელექტრიფიკაციის დაჩქარება იქნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: მომავალი ზამთარი ბევრი ევროპელისთვის მძიმე იქნება, 50 მილიონზე მეტ ადამიანს კი საკუთარი სახლის სათანადოდ გათბობის შესაძლებლობა არ ექნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…