„ბიოლის“ სიახლოვეს სროლებზე პოსტის შემდეგ გზდ-მ „მკაცრი კონტროლი“ დაიწყო
„ბიოლის“ დამფუძნებლის, თამაზ მჭედლიძის თქმით, კურორტის გარშემო მუდმივი სროლის ხმის გამო უცხოელ სტუმრებს კარგავენ, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ტერიტორია მკაცრ კონტროლზე აიყვანა, თუმცა განმარტა, რომ ოფიციალური შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

მეორე დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონკრეტული შეტყობინება უკანონო ნადირობაზე არ მიუღიათ, თუმცა „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორია საჯარო ფეისბუკ-პოსტის შემდეგ „მკაცრ კონტროლზე აიყვანეს“.
„უცხოელი სტუმარი შოკშია“ – მჭედლიძე სროლის ხმაზე
28 ოქტომბერს თამაზ მჭედლიძემ, „ბიოლის“ დამფუძნებელმა, ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ „ბიოლის გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა“, რის გამოც „დღეს უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ“:

„ველნეს კურორტი ბიოლი“
„ადამიანები კურორტის ტერიტორიაზე სეირნობენ და თანმიმდევრული სროლის ხმა ესმით. რამდენიმე სტუმარმა დაგეგმილზე ადრე დატოვა კურორტი“, – დაწერა მან.
„შესაძლოა, ჩვენთან ვიღაცას ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია: „ნადირობის სეზონია, მერე რა?“ მაგრამ უცხოელი სტუმარი შოკშია. ის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დასვენებისთვის ჩამოვიდა, და აღმოჩნდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“, – თქვა მჭედლიძემ.
„დღეს სერიოზულად ვეკითხები საკუთარ თავს: ზედმეტად ადრე ხომ არ წამოვიწყე ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში“? – დაწერა მან.
„500 მეტრის დაშორებით შეიძლებაო“
თამაზ მჭედლიძის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხი იყო, რომ „დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით ნადირობა შეიძლება“.
ამაზე პასუხად იგი წერდა, რომ ბიოლი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, სადაც ნადირობა საერთოდ აკრძალულია:
„რატომ გვესაუბრებიან 500 მეტრზე, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოახდინონ დაუყონებლივ“? – იკითხა მან.
„ნუთუ არაკომპეტენტურობასა და უმოქმედობას შეუძლია წყალში ჩაყაროს წლების შრომა და ოცნება იმაზე, თუ როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა“? – წერდა იგი.
„არავის მოუმართავს“ – გზდ
„ბიოლის“ დამფუძნებლის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, – მომდევნო საღამოს, 29 ოქტომბერს, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „მსგავსი განცხადებით არავის მოუმართავს“.
„სავარაუდო სამარალდარღვევის შესახებ შეტყობინება არც სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულა“, – წერს უწყება.
იქვე წერს, რომ „ვინაიდან „ველნეს კურორტი ბიოლი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია“.

ბიოლის ტბა
გზდ-ს თანახმად:
„უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებენ.
შედეგად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი“.
ტერიტორია ახლა „მკაცრ კონტროლზეა“
ამასთან, გზდ-ს პრესსამსახური აზუსტებს, რომ „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ „სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ტერიტორია მკაცრ კონტროლზეა აყვანილი“.
„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – აცხადებს უწყება.
რა არის და სად მდებარეობს „ბიოლი“
„ბიოლი“ არის 32 ჰექტარზე გადაჭიმული „ველნეს კურორტი“ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კოჯორში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 150 მეტრის სიმაღლეზე.
როგორც „ბიოლის“ საიტზე ვკითხულობთ, მისი იდეაა ადამიანის „ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის“ ხელშეწყობა:
„[აქ] ბუნება ერწყმის დასვენების, მოძრაობისა და აღდგენის გააზრებულ რეჟიმს და ქმნის გარემოს, სადაც ადამიანს საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დროისა და ყურადღების დათმობა უადვილდება“, – ვკითხულობთ ანოტაციაში.
„ბიოლი“, გარდა განთავსებისა, არაერთ სერვისს სთავაზობს ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს.
მისი სტუმრები, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში არაერთხელ ყოფილან „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალური პირები.
ასევე:
2023 წლის ოქტომბერში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მასპინძლობდა, მათ საერთო პრესკონფერენცია „ბიოლში“ ჩაატარეს;

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი ბიოლში. 2023 წ.
იმავე პერიოდში ღარიბაშვილმა (რომელიც ამჟამად პატიმრობაშია) უნგრეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანს სადილზე „ბიოლში“ უმასპინძლა.
ციტატები სტატიიდან
„ბიოლის გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა“
„დღეს უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ“
„ადამიანები კურორტის ტერიტორიაზე სეირნობენ და თანმიმდევრული სროლის ხმა ესმით. რამდენიმე სტუმარმა დაგეგმილზე ადრე დატოვა კურორტი“
„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“
„შესაძლოა, ჩვენთან ვიღაცას ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია: „ნადირობის სეზონია, მერე რა?“ მაგრამ უცხოელი სტუმარი შოკშია. ის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დასვენებისთვის ჩამოვიდა, და აღმოჩნდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…