ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ვუჩიჩი – ინტერვიუ სერბ ანალიტიკოსთან

სერბეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობა „სტუდენტურ სიასთან“ მარცხით დასრულდა. ანალიტიკოსი სრდიან მაისტოროვიჩი განმარტავს, თუ როგორ შეძლეს სტუდენტებმა რეჟიმის დამარცხება და რა პრიორიტეტები ექნება ახალ ხელისუფლებას.

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ვუჩიჩი – ინტერვიუ სერბ ანალიტიკოსთან
როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ვუჩიჩი – ინტერვიუ სერბ ანალიტიკოსთანნეტგაზეთი

25 ოქტომბერს სერბეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ალექსანდრ ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა.

სერბეთის მმართველი პარტია, რომელიც ძალაუფლებაში 14 წელი იყო, „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა.

როგორ მოახერხეს სტუდენტება ვუჩიჩის ფესვგადგმული მმართველობის დასრულება, რა იქნება მათი შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამ და სხვა საკითხზე ნეტგაზეთი სერბ პოლიტიკის ანალიტიკოსს, სრდიან მაისტოროვიჩს ესაუბრა, რომელიც ამავე დროს ევროპული პოლიტიკის ცენტრის (CEP) მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა.

პირველ რიგში, მკითველისთვის, რომელმაც ბევრი არაფერი იცის სერბეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, აგვიხსენით, როგორ დაახასიათებდით ალექსანდრ ვუჩიჩის მრავალწლიან მმართველობას? რაზე იდგა მისი ძალაუფლება ამდენი წელი? რა იყო მისი მმართველობისთვის დამახასიათებელი? რა იყო მთავარი ნარატივი, რომლითაც ის ქვეყანას მართავდა?

სერბეთის პროგრესული პარტია (SNS) ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება. ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრობიდან პრეზიდენტის პოსტზე გადავიდა და სურდა, ძალაუფლების ცენტრში კვლავ დაბრუნება. მისი მმართველობა დამყარებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების, უსაფრთხოების სამსახურების, მედიის უმრავლესობის ხელში ჩაგდებაზე და კლიენტელისტურ ეკონომიკაზე, სადაც სამუშაო ადგილები, კონტრაქტები და ლოიალობა ერთმანეთში იცვლებოდა.

მისი ავტორიტარული მმართველობის ფილოსოფია ეფუძნებოდა დაყოფას პარტიის წევრებს/მხარდამჭერებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის. მმართველობა პერსონალიზებული იყო: დამოუკიდებელი სასამართლოები, პროკურატურა, მარეგულირებელი ორგანოები და დამოუკიდებელი უწყებები შინაარისგან დაიცალა, ხოლო ძალაუფლების ბალანსისა და კონტროლის მექანიზმები მხოლოდ ფორმალურად არსებობდა.

მთავარი ნარატივი იყო „სტაბილურობა და პროგრესი“ ძლიერი ლიდერის ხელმძღვანელობით, რასაც ერთვოდა გზავნილი, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს და კრიტიკოსები უცხოეთიდან ფინანსდებიან. წლების განმავლობაში, ევროკავშირში ნაწილი ამ ყველაფერს პრაგმატული სარგებლის სანაცვლოდ ეგუებოდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მისი, როგორც შეუცვლელი ფიგურის რეპუტაცია.

როგორ დაახასიათებდით ვუჩიჩის საგარეო პოლიტიკას? როგორ ახერხებდა ის რუსეთს, ჩინეთსა და დასავლეთს შორის ლავირებას?

ეს იყო მრავალვექტორიანი „ოთხი სვეტის“ პოლიტიკა: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური სწრაფვა, რუსეთისთვის სანქციების არდაწესება, ჩინეთთან მჭიდრო კავშირები და აშშ-სთან თანამშრომლობა. სერბეთმა დაგმო რუსეთის აგრესია და უკრაინას იარაღი მიჰყიდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი თქვა. ეს ბალანსირება საზღვარგარეთ ბერკეტად გამოიყენებოდა, შიგნით კი ყალიბდებოდა ნარატივი ლიდერზე, რომელსაც ყველა დედაქალაქთან ჰქონდა წვდომა.

ეს დაირღა 2025–2026 წლებში, რადგან რუსეთის მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანია NIS-ზე აშშ-ის სანქციები 2025 წლის 9 ოქტომბრიდან ამოქმედდა, გაზის მიწოდება გაურკვეველი დარჩა, ხოლო დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი გაიყინა და ბოლო თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ახალი კლასტერი არ გახსნილა. საბოლოო ჯამში, ამ ბალანსირებამ მანევრირების სივრცის ნაცვლად, დამოკიდებულება და იზოლაცია მოიტანა.

რა როლი ჰქონდა ძირთად ოპოზიციურ პარტიებს ვუჩიჩის მმართველობის წლებში? რატომ ვერ ახერხებდნენ ტრადიციული ოპოზიციური პარტიები ვუჩიჩისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას? რა იყო მათი ტაქტიკა, შეცდომა და ასევე სუსტი წერტილი, რაც ყველა პოლიტიკური შერკინებაში ვუჩიჩის გამარჯვებას განაპირობებდა?

ტრადიციული ოპოზიციური პარტიები ფრაგმენტირებულები, პიროვნებებზე ორიენტირებულები და ხშირად ლიდერობისა და ტაქტიკის გამო მეტოქეობით დაკავებულები იყვნენ. ისინი არათანაბარ პირობებში იბრძონდნენ — ეროვნულ მედიასთან წვდომის გარეშე, შეზღუდული რესურსებითა და მუდმივი ცილისმწამებლური კამპანიების ფონზე. არჩევნების ბოიკოტირებამ და ურთიერთნდობის არქონამ რეჟიმს ადვილი გამარჯვებები მოუტანა, ხოლო საზოგადოებაში იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა. ვუჩიჩი ასევე წარმატებით იყენებდა მათ სუსტ მხარეებს: ნიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს, წარმოაჩენდა მათ „ძველ, ნაცნობ ელიტად“ და თავის თავს კი — სტაბილურობის ერთადერთ გარანტად. ისინი არჩევნებს ძირითადად ბრძოლის ერთადერთ ველად განიხილავდნენ მაშინ, როცა რეჟიმს უკვე ხელში ჰქონდა ჩაგდებული ის ინსტიტუტები, რომლებიც არჩევნების სამართლიანობას უზრუნველყოფს.

რატომ გადავიდნენ უკანა პლანზე ოპოზიციური პარტიები ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე? რატომ იქცა ეს არჩევნები ვუჩიჩსა და სტუდენტურ სიას შორის რეფერენდუმად?

სტუდენტებმა ოპოზიციურ პარტიებს მოსთხოვეს, არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და თავიანთი ამომრჩევლებისთვის „სტუდენტური სიის“ მხარდაჭერა მოეწოდებინათ. ერთობლივი ოპოზიციური სიის შექმნის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, რამდენიმე პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის პარტიები კი, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ თქვეს, ამომრჩეველმა დასაჯა. ამომრჩევლებს სურდათ ერთიანი, სანდო ძალა, რომელიც ძველი პარტიული პოლიტიკით არ იქნებოდა დაკავშირებული, ხოლო ხმების ნებისმიერ გაყოფას შესაძლო იყო სერბეთის [მმართველი] პროგრესული პარტიისთვის (SNS) ხელის შეწყობის რისკი შეექმნა. სწორედ ამიტომ იქცა ეს არჩევნები მთლიანად სისტემისადმი ხმის მიცემად, სადაც, წინასწარი შედეგების თანახმად, „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 52.7% და 250-დან 140 ადგილი მოიპოვა, ხოლო SNS-ის ლიდერობით შექმნილმა სიამ — 39.2% და 104 ადგილი.

რას გვეტყვით სტუდენტებზე – რა ტაქტიკა აირჩიეს მათ ისეთი, რომლითაც ტრადიციული ოპოზიციისგან განსხვავებით, ვუჩიჩის პარტიის დამარცხება შეძლეს?

მოძრაობა წარმოიშვა 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადში სადგურის სახურავის ჩამონგრევისა და პასუხისმგებლობის მოთხოვნის ფონზე, რამაც ბელგრადის პოლიტიკური სოციალური წრის მიღმა ფართო გამოძახილი ჰპოვა. ის იყო ჰორიზონტალური და ლიდერის გარეშე მოქმედი, ორგანიზებული ფაკულტეტების პლენუმების მეშვეობით, რის გამოც რეჟიმს არ ჰყავდა ერთი კონკრეტული ფიგურა, რომლის დისკრედიტაცია ან მოსყიდვა შეეძლებოდა. თითქმის ორწლიანმა დისციპლინირებულმა, არაძალადობრივმა მობილიზაციამ, მასწავლებლებისა და მოქალაქეების სოლიდარობამ და მცირე ქალაქებში მუდმივმა ყოფნამ იმგვარი ნდობა ჩამოაყალიბა, როგორიც არცერთ პარტიას არ ჰქონდა. რაც მთავარია, სტუდენტები დისტანცირდნენ პარტიული პოლიტიკისგან, რის გამოც მათი მორალური ავტორიტეტი არცერთ პოლიტიკურ სახელს არ უკავშირდებოდა. საბოლოო ჯამში, რეჟიმის რეპრესიებმა და პროპაგანდამ მათი რეპუტაცია და სანდოობა განამტკიცა.

რატომ თქვეს სტუდენტებმა უარი თავად ყოფილიყვნენ საარჩევნო სიაში და როგორ შეარჩიეს ის ადამიანები, ვინც სტუდენტურ სიაში მოხვდნენ?

საარჩევნო სიის მიღმა დარჩენით სტუდენტებმა შეინარჩუნეს სანდოობა და აჩვენეს, რომ მათი მოძრაობის მიზანი პოლიტიკური კარიერის შექმნა არ იყო. წესების თანახმად, სიაში ვერ მოხვდებოდნენ მმართველი კოალიციის პარტიების ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ყოფილი თანამდებობის პირები. ფაკულტეტებმა კანდიდატები მრავალეტაპიანი შემოწმების პროცესის გავლით წარადგინეს, რომლის დროსაც კანდიდატურების კრიტიკა შეიძლებოდა და მრავალ კანდიდატს ვეტო დაედო. შედეგად, შეიქმნა ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწისგან შემდგარი 250-კაციანი სია, რომელშიც შევიდნენ: კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი, ცენტრალური ბანკის ყოფილი გუბერნატორი დეიან შოშიჩი და კალათბურთის ლეგენდა დეიან ბოდიროგა.

რაზე აკეთებდა აქცენტს „სტუდენტური სიის“ საარჩევნო პროგრამა? რა იყო ისეთი, რითაც მათ სერბი ამომრჩევლის გული მოიგეს? მხოლოდ პროგრამა იყო გამარჯვების ფორმულა, თუ სხვა ფაქტორებიც?

პროგრამა პრიორიტეტულად აცხადებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ანტიკორუფციულ ზომებს, შესყიდვების გამჭვირვალობას, მედიის თავისუფლებასა და დეპოლიტიზებულ ინსტიტუტებს, რასაც ემატება განათლება, ეკონომიკური განვითარებას, საბინაო და ჯანდაცვის პოლიტიკა. პროგრამა ინსტიტუტების გაწმენდას და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა ჰპირდება, ზუსტად იმას, რაზეც წინა სისტემამ უარი თქვა. თუმცა, გამარჯვების ფორმულა მხოლოდ პროგრამა არ ყოფილა.

ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მოპოვებული მორალური ლეგიტიმაცია, მოქალაქეთა სოლიდარობაზე დამყარებული პოზიტიური კამპანია, ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობით გამოწვეული საზოგადოებრივი დაღლილობა და რეჟიმი, რომელმაც თავისი სანდოობა ამოწურა, ეს ყველაფერი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სექტემბერში ვუჩიჩის გადადგომამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კენჭისყრის მიზნით, აგრეთვე პერსონალიზებული გახადა ეს დაპირისპირება და ის მის მიმართ უფრო მკაფიო რეფერენდუმად აქცია.

რას უნდა ველოდეთ მას შემდეგ, რაც „სტუდენტურ სიაში“ მყოფი ადამიანები თავიანთ მანდატებს დაიკავებენ – რა იქნება მათი მთავარი პრიორიტეტები შიდა პოლიტიკაში?

პირველი პრიორიტეტი დემოკრატიული გადატვირთვაა: სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურებისა და მარეგულირებლების დეპოლიტიზაცია, ასევე საჯარო ადმინისტრაციის პარტიული კონტროლის დასრულება. ამას მოსდევს გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების აუდიტი და თავისუფალი მედიისთვის უსაფრთხო გარემო. უფრო რთული ამოცანა კვალიფიციური რესურსია, რადგან სამინისტროებში, სასამართლოებსა და პროკურატურებში იგი, წლების განმავლობაში დაუმსახურებელი დასაქმებისა და ზედმეტი პოლიტიკური ჩარევის გამო განადგურდა.

სიას ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, ხოლო SNS-ის ქსელების შემორჩენილი ძალაუფლება, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ეს გადატვირთვა.

სტუდენტები თითქოს აქამდე თავშეკავებული იყვნენ საგარეო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, რას უნდა ველოდეთ ახალი მთავრობისგან? როგორი შეიძლება იყოს მათი საგარეო პოლიტიკა? იქნება ის ვუჩიჩის საგარეო პოლიტიკისგან განსხვავებული?

საგარეო პოლიტიკა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ფოკუსი არ ყოფილა და „სტუდენტურ სიას“ არც ყოვლისმომცველი საგარეო პოლიტიკური ხედვა წარუდგენია, ამიტომ პირველი პრიორიტეტი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის აღდგენა იქნება. მიუხედავად ამისა, მათი ღირებულებები მჭიდროდ ემთხვევა ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებს და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს.

მოძრაობის ფართო, ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, დამკვიდრებული [საგარეო] ვექტორიდან რადიკალური გადახვევა მოსალოდნელი არ არის, ხოლო ბრიუსელთან ურთიერთობების ცენტრალურ საკითხებად კვლავ დარჩება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთება და კოსოვოსთან დიალოგი.

რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა ყველაზე რთული იქნება გაზზე დამოკიდებულების გამო. ამიტომ ევროკავშირმა უნდა შეუწყოს ხელი ენერგორესურსებისა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციაში. ჩინეთთან ურთიერთობები დაფუძნებული იქნება თანმიმდევრულობასა და არსებული შეთანხმებების პატივისცემაზე, თუმცა საზოგადოების მხრიდან გაიზარდა გამჭვირვალობის მოთხოვნა, განსაკუთრებით სერბეთის აღმოსავლეთ ნაწილში რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით.

ვუჩიჩამდე რამდენიმე თვით ადრე უნგრეთში დამარცხდა ვიქტორ ორბანი, რომელიც ვუჩიჩის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა. რა მსგავსაგებასა და განსხვავებას ხედავთ ამ ორ მარცხს შორის?

ორივე ლიდერი ხელისუფლებაში ათ წელზე მეტხანს იმყოფებოდა, პუტინის მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი და თავიანთი ძალაუფლება მედიის, უსაფრთხოების სამსახურებისა და ეკონომიკური ქსელების კონტროლზე დააფუძნეს. ორივე მრავალწლიანი დომინაციის შემდეგ არჩევნებში დამარცხდა და ორივემ არჩევნების ღამესვე აღიარა მარცხი, რამაც არჩევნების შემდგომი არეულობის თავიდან აცილებას ხელი შეუწყო.

თუმცა, განსხვავებები დიდია. მადიარი „ფიდესის“ პოლიტიკური წრიდან მოდიოდა, მაშინ როდესაც „სტუდენტური სია“ პროტესტების ფონზე წარმოიშვა და მას ერთი ლიდერი არ ჰყავს, მაშინ როცა „ტისას“ მკაფიო ლიდერი ჰყავდა. ისინი ასევე განსხვავდებიან რუსეთისა და უკრაინის საკითხში, რადგან მადიარის მთავრობა ღიად პროუკრაინულია, ხოლო „სტუდენტური სია“ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება. ორივეს გარდამავალ პროცესში ერთი და იგივე გამოწვევა ელის — დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლოებისა და პროკურატურის აღდგენა, რომლებსაც ძველი სისტემის წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეეძლებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთის “სტუდენტურმა მოძრობამ” სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები