აგვისტოს ომის ვეტერანი: სასამართლო პროცესს ვუყურებ და ჩემამდე არ დადის, როგორ გვაბრალებენ ამას
აგვისტოს ომის ვეტერანი იმედა ცერცვაძე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში ომის პროვოცირების დაბრალებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ჯარისკაცებისთვის ომის დაწყების გადაბრალება დაუშვებელია.

„სასამართლო პროცესებს ვუყურებ და ჩემამდე არ დადის, როგორ მოსდის თავში აზრად ვინმეს, ომის პროვოკაცია საქართველოს დააბრალოს… ღმერთმა არ დააჭიროს ჩვენს სამშობლოს მსგავსი რამ, მაგრამ ხვალ და ზეგ მსგავსი რამ რომ მოხდეს, პირად შემადგენლობას, ოფიცრებს ალბათ შეფერხება ექნებათ: სამშობლოსთვის თავს კი ვწირავ, მაგრამ ვინმემ აქეთ რამე არ დაგვაბრალოსო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იმედა ცერცვაძე. ის აგვისტოს ომის მონაწილეა და ქართულ ჯარს 25 წელი ემსახურა.
იმედა ცერცვაძეს „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე ვკითხეთ, რომლითაც იგი ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს. ამ სარჩელში „ოცნება“ აგვისტოს ომის პროვოცირებასაც ედავება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად,“ – წერია „ოცნების“ სარჩელში. ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე კონსტიტუციონალისტების შეფასებით, „ოპოზიციის გაუქმების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ნაღმი ეს და კიდევ სხვა ჩანაწერებია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
„ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს, რაც მოხდა, ალბათ იოლია ასეთი რამ დააბრალოს სამშობლოს – იმან არ იცის, რას ნიშნავს სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება. მე თვალწინ მიდგას ის ყველაფერი ახლაც,“ – გვიყვება იმედა ცერცვაძე. – „მესამე ბრიგადაში ვმსახურობდი იმ დროს, ქუთაისში. ნაღმტყორცნელთა 56-კაციან ქვედანაყოფში ვიყავი ბატარეის უფროსი ოფიცერი.
7 აგვისტოს საღამოს რვა საათი იქნებოდა, როცა შეტყობინება მივიღე, ქართულ სოფლებს თავს დაესხნენ რუსებიო. მაშინ გამოვიძახეთ პირადი შემადგენლობა, აღჭურვილობა დავტვირთეთ… იმავე საღამოს ჩავედით გორში, სოფელ ერედვში განვთავსდით. ჩვენგან 200 მეტრში ჩამოაგდეს საავიაციო ბომბი, ნამსხვრევებმა თავზე გადაგვიარა…
წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩემი სოფლიდან, ზეღდულეთიდან 4 ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში: სამი ჯარისკაცი იყო, ერთი სამოქალაქო პირი… ერთი ჯარისკაცი სენაკის ბრიგადაში მსახურობდა, ომი რომ დაიწყო. დაიღუპა და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდე მოსახლეობამ ნახა, ერთმა კაცმა თავის ნაკვეთში დაკრძალა და იქვე მიამაგრა მისი გვარი, რაც დამაგრებული ჰქონდა – მანძულაშვილი. არჩილ ბერიანიძემ კიდურები დაკარგა, როცა გორის ყოფილ სასწავლო ცენტრში საავიაციო ბომბი ჩამოგდეს, მიხეილ ცერცვაძე – ჩემი ბიძაშვილი იყო – ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
გორის ცენტრში დაიღუპა სამოქალაქო პირი ავთანდილ ცერცვაძე. ისიც ჩემი სოფლიდან იყო. ჩემი სოფლიდან კილომეტრ-ნახევარშია რუსების საგუშაგო… ჩემს სოფელში მემორიალი დადგეს.
ახლა რა გამოდის, რა ვიფიქროთ?
ცხინვალში ჯერ კიდევ 2000-2004 წლებში ვიყავი სამშვიდობო მისიაში. იქ ვხედავდი, როგორ ჩამოდიოდა რუსული დელეგაციები, დუგანოვი პირადად მყავს ნანახი… ყველამ ყველაფერი იცის. არ მესმის, რისთვის სჭირდებათ ეს.
ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ვინმე როგორ იტყვის, რომ თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია. შენივე სამშობლოს ასეთი როგორ უნდა გაუკეთო? თითოეული ჩვენგანი ვიყავით ჩვენი დისლოკაციის ადგილზე.
მტერი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო დაბომბვა. ჯარი ამ დროს ჯიბეში ხელებჩაწყობილი ხომ ვერ იქნებოდა? იმიტომაც მაცვია ფორმა და მივეცი ფიცი სამშობლოს, რომ იგი უნდა დავიცვა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ეს გამოვიარეთ ჩვენ.
ჩრდილოეთიდან აქვთ არტერიები და ამიტომ ლაპარაკობენ ალბათ ასე, იქიდან იკვებებიან… მათი ხელფასი 15-18 ათასი ლარია თვეში, ჩვენ, ვეტერანებს 78 ლარი დაგვიმატეს. 78 ლარს მთავრობის წარმომადგენლები ცალ ნასკში აძლევენ ალბათ,“ – გვითხრა იმედა ცერცვაძემ.
ციტატები სტატიიდან
„სასამართლო პროცესებს ვუყურებ და ჩემამდე არ დადის, როგორ მოსდის თავში აზრად ვინმეს, ომის პროვოკაცია საქართველოს დააბრალოს… ღმერთმა არ დააჭიროს ჩვენს სამშობლოს მსგავსი რამ, მაგრამ ხვალ და ზეგ მსგავსი რამ რომ მოხდეს, პირად შემადგენლობას, ოფიცრებს ალბათ შეფერხება ექნებათ: სამშობლოსთვის თავს კი ვწირავ, მაგრამ ვინმემ აქეთ რამე არ დაგვაბრალოსო,“
„ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს, რაც მოხდა, ალბათ იოლია ასეთი რამ დააბრალოს სამშობლოს – იმან არ იცის, რას ნიშნავს სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება. მე თვალწინ მიდგას ის ყველაფერი ახლაც,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…