Associated Press: პენტაგონის გენერალური ინსპექტორი უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის სიჩქარის შეფერხების გამოძიებაზე უარს ამბობს
პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა უარყო ამერიკელი კანონმდებლების მოთხოვნა უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის ხელოვნური შეფერხების გამოძიებაზე. Associated Press-ის ცნობით, ინსპექტორმა სენატორებს განუცხადა, რომ ამ საკითხებს აშშ-ის საჰაერო ძალები უკეთ უპასუხებენ.

პენტაგონის ზედამხედველობის ორგანომ უარყო ორპარტიული მოთხოვნა, გამოეძიებინათ უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სერვისისა და მისი სამხედრო ანალოგის, Starshield-ის ბოლოდროინდელი შეფერხებები. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს კანონმდებლებს შეშფოთების საფუძველს აძლევს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყებები და თვით დამოუკიდებელი გენერალური ინსპექციაც კი თავს არიდებს იმ გავლენასთან დაპირისპირებას, რომელიც SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს თავდაცვის სფეროში კომუნიკაციებზე აქვს.
სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა, პენტაგონის გენერალურ ინსპექტორს გამოძიების დაწყება სთხოვა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილ Starlink-ის ინტერნეტსერვისსა და მის სამხედრო დანიშნულების ვერსია Starshield-ზე კავშირის სიჩქარე ხელოვნურად შეიზღუდა.
ეს სისტემები უკრაინისთვის ომის პირობებში კავშირის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუშალა სწრაფად მოძრავი რუსული დამრტყმელი დრონების აღმოჩენისა და მათი განეიტრალების შესაძლებლობას.
სამშაბათით დათარიღებულ პასუხში, რომელიც Associated Press-მა მოიპოვა, პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა ცხრა კანონმდებელს - ოთხ "რესპუბლიკელსა" და ხუთ "დემოკრატს" აცნობა, რომ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს აშშ-ის საჰაერო ძალები უკეთ უპასუხებენ.
მედიის ინფორმაციით, კონგრესის თანამშრომლის შეფასებით, რომელიც საქმის დეტალებს იცნობს, ეს გენერალური ინსპექტორის მხრიდან მასკისა და Starlink-ის საქმიანობის გამოძიებაზე უარის თქმად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისთვის შესაბამისი უფლებამოსილება და შესაძლებლობა აქვს.
"შემაშფოთებელია, რომ გენერალურმა ინსპექტორმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გამოიძიოს სატელიტური კომუნიკაციის შეფერხებები, რაც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა Associated Press-თან საუბრისას ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "დემოკრატების" წამყვანმა წარმომადგენელმა, რომელიც თავდაპირველ წერილს ხელს აწერდა.
ციტატები სტატიიდან
„შემაშფოთებელია, რომ გენერალურმა ინსპექტორმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გამოიძიოს სატელიტური კომუნიკაციის შეფერხებები, რაც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…