ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰეგსეთი ურყოფს პენტაგონის კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვასთან

პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი უარყოფს უწყების კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის ინტერნეტის შეზღუდვასთან, თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით, შესაძლოა თეთრ სახლთან კონსულტაციების შედეგად შეიზღუდა.

ჰეგსეთი ურყოფს პენტაგონის კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვასთან
ჰეგსეთი ურყოფს პენტაგონის კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვასთანრადიო თავისუფლება

პიტ ჰეგსეთმა 20 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს გამოყენების პირობები, რომლებიც დაცული უნდა იყოს, ამიტომ Starlink-ს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, მათი აზრით, არაფერი შეცვლილა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თანახმად, არანაირი მითითება არ გაუციათ და უკრაინელებს წარმატებას უსურვებენ.

ოქტომბრის შუა რიცხვებში უკრაინას შეექმნა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემა. უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.

კიევმა არ გაიზიარა ვერსია, რომ პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო და ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდვასთან კავშირი უარყვეს.

SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ილონ მასკის ბრძანება?

ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინაში Starshield-ის სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით შეზღუდეს.

გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მასკი ცალმხრივად მოქმედებდა და მისთვის პრეზიდენტ ტრამპს არანაირი მითითება არ მიუცია, თუმცა სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე მასკს კონსულტაციები ჰქონდა ადმინისტრაციის მაღლჩინოსნებთან, მათ შორის ტრამპთან.

ამ ინფორმაციის გამო კომპანია SpaceX-ს და თეთრ სახლს 20 ოქტომბერს კომენტარისთვის მიმართა სააგენტო Reuters-მა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს წერდა, რომ უკრაინაში Starshield-ის შენელება ტრამპს მასკმა შესთავაზა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც პენტაგონმა ლიმიტი შემოიღო.

უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვას წინ უძღოდა ურთიერთობის გამწვავება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.

ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. ტრამპის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელება ტრამპს ილონ მასკმა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები