ბევრი ქვეყანა არ არის ჩვენზე წინ - ჩვენთან დანერგილია ძალიან ბევრი პროგრამა პატიმრების რეაბილიტაციისთვის, ინფრასტრუქტურული კუთხითაც კარგი შედეგები გვაქვს, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ მუდმივი განვითარების მდგომარეობაში ვართ - პაატა სალია
იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მტკიცებით, პატიმრების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი ქვეყანა არ უსწრებს საქართველოს, თუმცა გამოწვევები რჩება და უწყება სახალხო დამცველის ანგარიშებში დასახელებულ ხარვეზებს ასწორებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, გადაცემა "ღამის კურიერში", რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ისაუბრა, პატიმრების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული კუთხით.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გაცილებით წინ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა, უწყება მუდმივად განახლების და გაჯანსაღების პროცესშია, რათა არ მოხდეს დარღვევები.
"შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ქვეყანა არ არის ჩვენზე წინ, ასე ვთქვათ, ჩვენ გაცილებით განვითარებული ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით, ჩვენთან დანერგილია ძალიან ბევრი პროგრამა პატიმრების რეაბილიტაციისთვის, ინფრასტრუქტურული კუთხითაც კარგი შედეგები გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება. მე შორს ვარ ამ აზრისგან და მაყურებელსაც ვერ ვეტყვი, რომ იდეალური სიტუაციაა, იდეალური სიტუაცია არსად არის, თუმცა მუდმივი პროგრესის მდგომარეობაში ვართ, მუდმივი განვითარების მდგომარეობაში ვართ და ამ საერთაშორისო მონიტორებს, რომლებსაც ატარებენ სახალხოს დამცველის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებების თაობაზე, გეგმაზომიერად მივყვებით და ვასწორებთ. ჩვენი ამოცანაა, როდესაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომ მომდევნო წლის ანგარიშში არ მოხდეს ის დარღვევები, რაც წინა წელს იყო და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.
მართალია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ გარკვეულ ხარვეზებს რაც მითითებულია, თუმცა ამაზეც გვაქვს ჯანსაღი დისკურსია, სახალხო დამცველთან საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება გამოსწორდეს, რა ფიზიკურად და ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეიძლება იყოს სხვანაირად, იმიტომ, რომ სხვაგანაც შეიძლება არ იყოს უფრო განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პროგრესი საგრძნობია", - აცხადებს პაატა სალია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…