ნიკოლოზ კახეთელიძემ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით, დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამით საცხოვრისი უკვე 12 000-ზე მეტ ოჯახს გადაეცა ან უშენდება. ანგარიშში მან ასევე დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის მშენებლობისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გეგმებზე ისაუბრა.

ურბანული პოლიტიკა, რეგულაციები და პროექტები, დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის მუშაობის სპეციფიკა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ მოსახლეობას დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარების მიზნით დაწყებულ პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 2018 წლიდან ამოქმედდა და ამ დროისთვის ჯამში შესწავლილია 182 დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტი. ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, მათ შორის 80-ზე მეტი ობიექტისთვის განსაზღვრულია დასრულების და დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის საჭირო ღონისძიებები. როგორც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ანგარიშშია ნათქვამი, მერიის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად საცხოვრისი გადაეცა ან უშენდება უკვე 12 000-ზე მეტ ოჯახს; ექსპლუატაციაში მიღებული ან დასრულების ეტაპზეა 20-მდე სამშენებლო ობიექტი; 22 ობიექტზე კი აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამის შესახებაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებული 575 პირი დაკმაყოფილდა. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2 503 მოქალაქეს გადაეცა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების შესახებაც ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობას მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი, განისაზღვრა მუნიციპალური გამოსყიდვის სამართლებრივი მექანიზმი. პროექტის მიზანი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და ავარიული შენობების ჩანაცვლების ხელშეწყობაა.
როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომებზე სულ 384 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსურ მხარდაჭერას ეხებოდა 28 პროექტი; ავარიული შენობების ჩანაცვლების დამატებით ხელშეწყობას - 5 პროექტი; ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებში ცვლილებების შეტანას კი - 9 პროექტი.
როგორც ანგარიშშია ასახული, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში 2025-2026 წლებში 51 მოქალაქის მიმართვა შევიდა, რომლებიც არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებს, შიდა გზების, ეზოების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის და დასუფთავების, ნარჩენების მართვის და საბინაო საკითხებს ეხებოდა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ აგრეთვე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე დასრულებულ და დაგეგმილ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს; საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში; დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს შორის ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა გამოყო. მისი თქმით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას აერთიანებს.
უკვე განხორციელებული პროექტებიდან კი ნიკოლოზ კახეთელიძემ მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გახსნა გამოყო. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რკინაბეტონის უსაფრთხო საავტომობილო ხიდი აშენდა.
რაც შეეხება რეკრეაციულ პროექტებს, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა.
ნიკოლოზ კახეთელიძის ანგარიშში ყურადღება დაეთმო დედაქალაქის დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებსაც. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…