"სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა... ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის" - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერბეთში ბიძინა ივანიშვილის „ტყუპისცალი“ ალექსანდარ ვუჩიჩი ულიდერო ახალგაზრდულმა მოძრაობამ დაამარცხა, რაც, მისი თქმით, მთავარი გაკვეთილია საქართველოსთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სერბეთში მმართველი ძალის დამარცხება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მაგალითია, რადგან ახალგაზრდულმა მოძრაობამ პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა გამოკვეთილი ლიდერის გარეშეც შეძლო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
სააკაშვილმა ალექსანდარ ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას შეადარა და განაცხადა, რომ სერბეთის მოვლენებმა აჩვენა - ცვლილებებისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის გარშემო გაერთიანება. მისი თქმით, მთავარი გამარჯვების რწმენაა.
ეს წარმოუდგენლად პოზიტიური ამბავია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპის და საქართველოს ცხოვრებაშიც. სერბეთს ბოლო 14 წელი მართავდა ივანიშვილის ტყუპისცალი გატიქტატორებული ვუჩიჩი რომელმაც ყველა გააჩუმა, ოპოზიცია დაიჭირა, მედია ხელში ჩაიგო და იშოვა მილიონები და ქვეყანას მართავდა კრიმინალებით. არაბულ ქალაქებს აშენებდა ზუსტად ისე როგორც ივანიშვილი და სრულიად მოულოდნელად დამარცხდა. სრულიად ულიდერო ახალგაზრდების მოძრაობამ დაამარცხა, ამიტომ ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის. ლიდერების გარშემო გაერთიანებას არავინ ითხოვს. ვინც გამოჩნდება, მაშინვე ამ გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ან ქვეყნიდან აგდებენ. თქვენ არ გჭირდებათ ლიდერები, გჭირდებათ გამარჯვების რწმენა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…