ევროკავშირის ლიდერებმა „სტუდენტურ სიას“ მიულოცეს სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება
სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 52%-ზე მეტით მმართველი „პროგრესული პარტია“ დაამარცხა. მოძრაობას გამარჯვება ევროკავშირის ლიდერებმა მიულოცეს და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

სტუდენტების ინიციატივით შექმნილმა ახალმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, „სტუდენტური სია“ სერბეთში 25 ოქტომბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეძლო ყოფილი პრეზიდენტის, ვუჩიჩის მმართველი „პროგრესული პარტიის" დამარცხება.
ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ანტონიუ კოშტამ და ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე გამქვეყნებულ ერთნაირი შინაარსის ტექსტში ხაზი გაუსვეს სერბეთის ხალხის სარეკორდო აქტივობას საკუთარი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის და „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
კოშტა და ფონ დერ ლაიენი მზადყოფნას აცხადებენ, მხარი დაუჭირონ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში და ითანამშრომლონ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის.
„სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისარმაც გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა. მისი განცხადებით სერბეთისთვის შესაძლოა დაიწყოს ახალი თავი, ევროკავშირის კარი ღიაა და მზად არიან წინ ერთად იარონ.
სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 52%-ზე მეტი მიიღო, 250-წევრიან პარლამენტში სავარაუდოდ, 140 დეპუტატი ეყოლება და მთავრობის ფორმირებას შეძლებს.
ვუჩიჩის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხმების 39% მოიპოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…