„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხეს ორ კვირაში დატოვებს
სააპელაციო სასამართლოში „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის საფუძველზეც ის ციხეს ორ კვირაში დატოვებს. მუხლით, რომლითაც ის მსჯავრდებულია, 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შეთანხმებით ერთ წელს პატიმრობაში გაატარებს, ხოლო სამ წელს პირობითი მსჯავრის ქვეშ. სტატიაში ასევე აღნიშნულია სხვა დაკავებულების, მათ შორის პოლიტიკოსების საქმეების შესახებ.

4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სხდომა სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე იყო.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, რომლის პირობებიც 14 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ნიკოლოზ გვენცაძე ერთ წელს ციხეში გაატარებს, სამი წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
ციხეში ყოფნის ერთი წელი ნიკოლოზ გვენცაძეს ორი კვირაში უსრულდება. ის საპატიმროს საპროცესოს საფუძველზე ორ კვირაში დატოვებს.
ნიკოლოზ გვენცაძე მსჯავრდებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. მას 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ნიკა გვენცაძე ცნობილი მარკეტერია, ის წლების განმავლობაში „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასწავლიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის (EMS) სკოლა.
ნიკოლოზ გვენცაძის საქმე ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებთან ერთად განიხილებოდა. განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მათი საქმის განხილვა სააპელაციოში გრძელდება. მოსამართლე თეა ლეონიძეა.
პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 22 დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმენა და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში, მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.