"დღეიდან კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ვხვდები ნათლია ამდენი ადამიანის" - პატრიარქი შიო III მაღალმთიან აჭარაში 1200-ზე მეტ ადამიანს ნათლავს
მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობა იმართება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს. მან ქადაგებისას განაცხადა, რომ ამდენი ადამიანის მონათვლის შემდეგ აჭარასთან კიდევ უფრო განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა ექნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში იმყოფება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში საყოველთაო ნათლობას აღავლენს. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს.
აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
"სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში, ინათლება, როგორც შემატყობინეს, უკვე 1200-ზე მეტი ადამიანი. მე უკვე მეორედ მარგუნა წელს პატივი ღმერთმა, რომ აჭარაში ჩამოვსულიყავი და წირვა აღმევლინა თქვენთან ერთად.
დღეიდან კი, როცა ჩვენ მოვნათლავთ ამდენ ადამიანს, მე კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ნათლია ვხდები ამდენი ადამიანის. დიდად ვხარობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და დედაღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.
ავტორი: ია გოლიაძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აჭარაში დღეს 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს
- ალიაკათოლიკოს-პატრიარქი შიო III აჭარაში დღეს 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს
- რუსთავი 2"ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან და ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების" - შიო III-მ აჭარაში მასშტაბური ნათლობის მსახურება აღავლინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…