როგორ იპარავენ თაღლითები საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხებს - საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი და შსს მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებენ: ბანკების სახელით დაკავშირებული ჯგუფები ანგარიშებზე წვდომას მოტყუებით იღებენ და გააქტიურებული ონლაინ სესხები საკუთარ ანგარიშებზე გადააქვთ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. გარკვეული ჯგუფი სატელეფონო ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ცდილობს წვდომა მოიპოვოს ადამიანების საბანკო ანგარიშებზე. დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის, მათ შორის კომერციული ბანკების სახელით დაუკავშირდნენ. შედეგად, მოტყუებით გააქტიურებული ონლაინ სესხები, თაღლითების საბანკო ანგარიშებზე აღმოჩნდა. ეროვნულ ბანკში კურიერს დეტალურად განუმარტეს, თუ რა სქემით მოქმედებს დანაშაულებრივი ჯგუფი.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გავრცელა.
ბოლო წლებში, ონლაინ-თაღლითობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად იქცა. საქართველოში მსგავსი კატეგორიის არაერთ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი სწავლობს. უწყებაში ამბობენ, რომ თითოეული დაზარალებულის საჩივარზე მყისიერი რეაგირება ხდება. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურია საერთაშორისო თანამშრომლობის არხებიც.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს. განსაკუთრებული რისკის შემცველია საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემების გაზიარება და საეჭვო ბმულებზე გადასვლა.
კომერციული ბანკების სახელით მოქმედი თაღლითური სქემის შესახებ უკვე ინფორმირებულია საგამოძიებო ორგანო. სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდეს როგორც თავად დაზარალებულებმა, ისე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…