"ბედმა მწარედ დამცინა" - გიგა ავალიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. საქმეზე დაკავებული 7 პირიდან რამდენიმე არასრულწლოვანი უკვე დამნაშავედ ცნეს, დანარჩენების პროცესი კი გრძელდება.

ერთი წელი გიგა ავალიანის მკვლელობიდან - თბილისში მოკლული მასწავლების ოჯახისთვის დღეს უმძიმესი დღეა. დილიდან გიგას საფლავზე შვილ-მკვდარი დედა, ნათესავები და ის მოსწავლეები არიან შეკრებილები, რომლებსაც გიგა ავალიანი ასწავლიდა.
გიგა ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი იყო. მარტო მატემატიკას კი არ მასწავლიდა, თვითონ ფიქრს და ყველაფერს მასწავლიდა. უბრალოდ ჩვეულებრივი კონტაქტიც რომ გქონდა, ძალიან წყნარი იყო, ყოველთვსი თავის ისტორიებს ყვებოდა, გვაცინებდა ხოლმე", - ამბობს მოსწავლე.
მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, გიგა ავალიანის დედა კვლავ ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
მწარედ დამცინა ბედმა - ესენი იბრძვიან სასამართლო პროცესზე, როგორ არ უტრიალებს ის თავხედი ლეკიშვილი (ნია იმნაძის ადვოკატი) კითხვებს, რას არ ეკითხება ხალხო ბავშვებს. დახურული პროცესია და გარეთ ვერ გამომაქვს ყველაფერი, არ შეიძლება. სასამართლოს პატივი უნდა ვცე და ყველაფერი გარეთ ვერ გამომაქვს. ხომ სწორი ვარ ბავშვებო, რას აღარ გეკითხებათ. დედის რძეს ვარწყევინებ, მაგრამ სიმართლე ერთადერთია, სიმართლე სწორხაზოვანია", - ამბობს ეკა კუპატაძე.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი.
მათგან რამდენიმე არასრულწლოვანი უკვე ცნეს დამნაშავედ, ხოლო ნაწილის საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე ყველა შესაძლო დამნაშავეს სასჯელს არ გამოუტანენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…