ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დონალდ ტრამპმა უკრაინა გაყიდა" - The Guardian

ნატო

The Guardian-ის სტატიის თანახმად, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის გაყიდვის სამარცხვინო პირობებზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, დონალდ ტრამპის დათმობები კი მიუნხენის შეთანხმებას ჰგავს. გამოცემა მოკავშირეებს მოუწოდებს, ტრამპის ქმედებებს მკაცრი ნაბიჯებით დაუპირისპირდნენ.

"დონალდ ტრამპმა უკრაინა გაყიდა" - The Guardian
"დონალდ ტრამპმა უკრაინა გაყიდა" - The Guardianრუსთავი 2

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულებაზე ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს სათაურით "ტრამპმა უკრაინა გაყიდა“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპელ ლიდერები, ვაშინგტონის ერთ სიტყვასაც არ ენდობიან. "საკმარისია მარტივი კომენტარები - ტრამპის დასასჯელად კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც The Guardian-ი წერს, ისტორიული შედარებები ყოველთვის ზუსტი არ არის. არც ერთი კონფლიქტი სრულად არ ჰგავს მეორეს. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის წინაშე გამოჩენილი დათმობების პოლიტიკა აშკარად მოგვაგონებს ნევილ ჩემბერლენის წარუმატებელ მცდელობას, 1938 წელს, მიუნხენში, ნაცისტურ გერმანიასთან ომი თავიდან აეცილებინა.

სტატიის ავტორის შეფასებით, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის მიმართაც ისტორია დიდწილად უსამართლო აღმოჩნდა, სამშვიდობო ძალისხმევაში ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა გულმხურვალედ უჭერდა მხარს. ჩემბერლენის მსგავსად, მათაც სურდათ, თავიდან აეცილებინათ პირველი მსოფლიო ომის საშინელებათა განმეორება.

გამოცემის თქმით, ტრამპს საზოგადოების მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა არ აქვს. მას არც რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე უწევს ყოფნა. უკრაინის ღალატი ტრამპის მხრიდან პირადი ინტერესებით არის ნაკარნახევი, სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის და მხოლოდ

კრიტიკას იმსახურებს.

The Guardian-ი შეფასებით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შეთანხმების სამარცხვინო პირობების შეჯერებას და ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის უპრეცედენტო გაყიდვას ეხება - დასკვნით ეტაპზეა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ამ კვირაში სანქტ-პეტერბურგში შეხვედრები გაიმართა.

გამოცემის განმარტებით, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მუდმივად იცვლიდა პოზიციას. ახლა კი, გამოკითხვებში მისი რეიტინგის რეკორდულად დაცემით შეშფოთებულს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკრაინა განტევების ვაცად აქციოს და ფაქტობრივი კაპიტულაცია აიძულოს.

"ბოლო ნაბიჯები - მისი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება, რუსული დიზელის შესყიდვით პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსების შესახებ; სანქციების გამკაცრებაზე უარის თქმა; აშშ-ის მხრიდან კიევისთვის თანამგზავრული მონაცემებისა და სადაზვერვო

ინფორმაციის გაზიარების იდუმალი და სასიკვდილო შედეგების მქონე შეწყვეტა; და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თანამდებობიდან ჩამოშორების განახლებული მცდელობა - ტრამპს თანამედროვე ეპოქის ფარულ იუდად და მხდალ ბრუტუსად წარმოაჩენს", - ვკითხულობთ სტატიაში.

რატომ იქცევა ტრამპი ასე? სვამს კითხვას სტატიის ავტორი და თავადვე სცემს პასუხს - ნაწილობრივ, ეს პირადი მიზეზებით აიხსნება. მას ზელენსკი არ მოსწონს და ამის მიზეზიც აშკარაა. უკრაინის ლიდერი ყველაფერია, რაც ტრამპი არ არის: მამაცი, პრინციპული, მორალურად შეუბღალავი, შრომისმოყვარე და პოლიტიკურად გამჭრიახი.

ნაწილობრივ, საქმე ფულსა და ძალაუფლებაშია. ტრამპი მთელი გულით ცდილობს პუტინის რეჟიმთან ურთიერთობების ნორმალიზება შეძლოს. ეს გზა მომგებიანი გარიგებებისთვის გაიხსნებოდა ენერგეტიკის, ნედლეულის, არქტიკისა და კოსმოსური სივრცის კონტროლის სფეროებში. მას მოსწონს სამყაროს იდეა, რომელშიც სამ ყოვლისშემძლე ბლოკსა და ავტორიტარ ლიდერს ექნებოდა დომინანტური როლი: თავად მას, პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.

როგორიც არ უნდა იყოს ტრამპის მოტივები, მისი ღალატის მოკლევადიანი შედეგები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს უკრაინისთვის - რუსი დამპყრობლების მოგერიებისა და სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადარჩენისთვის ბრძოლაში.

როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უკრაინა დონბასის სადავო ტერიტორიებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ან წარმატებას აღწევდა, ან პოზიციებს ინარჩუნებდა - საკუთარი წარმოების რაკეტებისა და დრონების გამოყენებით, მან ბრძოლა რუსეთის სამრეწველო ცენტრებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადაიტანა, რითაც მნიშვნელოვნად შეასუსტა პუტინის უნარი, ომი დაეფინანსებინა.

ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლაშიც იმარჯვებდა, განსაკუთრებით ევროპაში, რომელიც თავადაც რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა. ტრამპის მიერ პოზიციების აშკარა და უკიდურესად სახიფათო შეცვლის ფონზე, კიევის სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერის საქმეში ლიდერობა ევროპულმა ქვეყნებმა აიღეს.

როგორიც არ უნდა იყოს სინამდვილე, ტრამპის მიერ პუტინისთვის გაწეული მაშველი დახმარება - რუსეთის გადარჩენის ეს ორპირი ოპერაცია, შესაძლოა ომის მსვლელობას რადიკალურად ცვლიდეს.

ავტორის განმარტებით, ტრამპის ქმედება მთელი მსოფლიოს სირცხვილია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფასურის გადახდა მხოლოდ უკრაინას არ მოუწევს. კიევის დამორჩილების ეს მცდელობა ყველასთვის საფრთხეა. თუ უკრაინას დაცემის საშუალებას მისცემენ, მისი ბედი ევროპასა და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სივრცეს ათწლეულების განმავლობაში მოსვენებას არ მისცემს.

ტრამპის შეთანხმებამ, შესაძლოა დასავლური ალიანსი სასიკვდილოდ დააზიანოს და აღმოსავლური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი თავდაცვის მექანიზმის სახით ნატოს არსებობასაც კი დაუსვას წერტილი.

გამოცემა სვამს კითხვას, დასავლეთ ევროპის მთავრობებიდან ვინ შეიძლება ენდოს ვაშინგტონის სიტყვას, ვინ ენდობა ელისეის სასახლეში, გერმანიისა და პოლონეთის კანცელარიებში, ბრიუსელში ან დაუნინგ-სტრიტზე?

ავტორი განმარტავს, რომ ტრამპის მიერ უკრაინის ღალატი მანამდე ჩადენილი შედარებით მცირე ღალატების გაგრძელებაა: სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ თვითნებურად გაჩაღებული სატარიფო ომები, ერთგული მოკავშირეების შეურაცხყოფა, კანადისა და გრენლანდიის მიმართ მუქარები, პალესტინაში ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიტოვება და, სულ ახლახან, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი.

თუმცა, რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა შესაძლოა ყველაზე აღმაშფოთებელი და მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

როგორც ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახური MI5-ი აცხადებს, რუსეთი ყოველდღიურად უტევს ბრიტანეთსა და ევროპას - თავისი ჯაშუშური ქსელებით, დივერსანტებით, კიბერთავდამსხმელებითა და დაქირავებული აგენტებით. ამ კვირაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთი დასავლეთის კოსმოსურ თანამგზავრებსაც უქმნის საფრთხეს.

"ნუ გექნებათ იმედი, რომ დახმარებას განდგომილი ტრამპისგან მიიღებთ. ის მოწინააღმდეგის მხარესაა", - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის განმარტებით, ტრამპის "მიუნხენის მომენტი“ კატასტროფაა, რომელმაც ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვის უნარი შეიძლება გაანადგუროს. პუტინის გამარჯვება, რომელსაც აშშ აღიარებს და ხელს შეუწყობს, საბედისწერო დარტყმას მიაყენებს საერთაშორისო სამართლისა და სუვერენული საზღვრების პატივისცემის პრინციპს. გაყოფილ და დანაწევრებულ უკრაინაში ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უთვალავი შემთხვევა გამოუძიებელი და დაუსჯელი დარჩება. შესაძლოა, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმაც მალე გაიმეორონ წარმატებული რუსული აგრესიით შექმნილი პრეცედენტი.

ყველა ამ მიზეზის გამო, ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ უმოქმედოდ ყოფნას. გაეროში აღშფოთებული გამოსვლები, დახურულ კარს მიღმა გამოთქმული უკმაყოფილება და ფრთხილად შერჩეული სიტყვიერი საყვედურები საკმარისი აღარ იქნება - თუკი ოდესმე ყოფილა საკმარისი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ უნდა იკისრონ ლიდერობა და ტრამპს პირდაპირ დაუპირისპირდნენ, თუნდაც ეს ვაშინგტონთან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტის ფასად დაუჯდეთ.

საჯაროდ მოსთხოვონ ტრამპს, შეწყვიტოს ეს ყველაფერი. გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მის დასასჯელად იმის გამო, რომ პუტინს ჯილდოსავით უმზადებს გამარჯვებას, და დაამტკიცონ, რომ მსოფლიოს დემოკრატიებს ვერ დააშინებენ და ვერ გაწირავენ გარიგების სანაცვლოდ.

"უთხარით მას: თუ ნამდვილად სურს, ისტორიას შემორჩეს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც დასავლური ალიანსი დაანგრია და ავტორიტარიზმის გამარჯვება უზრუნველყო, მაშინ განაგრძოს პუტინის ჩექმების ლოკვა - მაგრამ საბოლოოდ მარტო დარჩება", - აღნიშნავს ავტორი სტატიაში.

"საბოლოო ჯამში, აშშ დასავლეთს შეთანხმების საფუძველზე ხელმძღვანელობს და არა რაიმე განსაკუთრებული უფლებით. ამ თანხმობის უკან წაღებაც შესაძლებელია.

ბერნჰემს შეეძლო, პირველი ნაბიჯი გადაედგა და ბრიტანეთში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვის განკარგულება გაეცა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ტრამპის ღალატი უპასუხოდ დარჩეს", - წერს ავტორი The Guardian-ის სტატიაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი უკრაინაზე - ჩვენ მათ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ, ჩვენ მათ ვეხმარებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები