მსოფლიო არქიტექტურის შედევრი და ბარსელონას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა - საგრადა ფამილია ქართულ მრავალხმიან სიმღერას უმასპინძლებს
ბარსელონაში, საგრადა ფამილიას კრიპტაში, თბილისის ქალთა გუნდი კონცერტს გამართავს და ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო არქიტექტურის შედევრი და ბარსელონას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა - საგრადა ფამილია ქართულ მრავალხმიან სიმღერას უმასპინძლებს. თბილისის ქალთა გუნდი პირველი ქართული გუნდი იქნება, რომელიც კონცერტს ტაძრის კრიპტაში გამართავს, სივრცეში, სადაც საგრადა ფამილიას შემქმნელი, ცნობილი კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდია დაკრძალული.
24 ქვეყანა და 37 გუნდი - ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი - ბარსელონასა და კალელიაში ჩატარდება. კონკურსი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გუნდებს აერთიანებს და ქმნის ფართო კულტურულ და პროფესიულ სივრცეს საგუნდო ხელოვნების განვითარებისთვის.
თბილისის ქალთა გუნდის საკონკურსო პროგრამა ქართულ და ევროპულ საგუნდო მუსიკას გააერთიანებს. პირველ ტურში იოსებ კეჭაყმაძის, ჯემალ ბეგლარიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილისა და იეკაბს იანჩევსკის ნაწარმოებები შესრულდება.
კონკურსის ორგანიზატორი მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერკულტურაა, ის ერთ-ერთი პირველია საგუნდო კონკურსებისა და ფესტივალების მიმართულებით.
კონცერტი საგრადა ფამილიაში 24 ოქტომბერს გაიმართება, სადაც თბილისის ქალთა გუნდი რთულ მუსიკალურ კულტურას საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…