„ოცნება“ ევროპარლამენტარების კრიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლად აფასებს
„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების კრიტიკას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. თავის მხრივ, ევროდეპუტატები სარჩელის უკან გამოთხოვას, ახალ არჩევნებსა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების კრიტიკას პასუხობს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები „რადიკალურ ოპოზიციას“ მხარს უჭერენ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაკეთებული შეფასებები მიუღებელია.
ნინო წილოსანი ევროპელი პოლიტიკოსებს "ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური დაჯგუფებების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები: ეუთო, ალდე, ევროკომისიის პრესსპიკერი, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიების აკრძალვა განხორციელებული. ამ შემთხვევაში, ერთადერთი, ვხედავთ მათი მხრიდან ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური დაჯგუფებების მხარდაჭერას და მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ: სასამართლოზე რამენაირად გაიმართლონ თავი, - ამბობს წილოსანი.
გიორგი გაბუნია კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაკეთებული განცხადებები სამართლებრივ პროცესზე ზეწოლაა. მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა ტენდენციურია და ობიექტურ საფუძველს მოკლებულია.
ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ კრიტიკას, რომელიც ჩვენ გვესმის და მიუღებელია ყველანაირი კრიტიკა და ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც ზეწოლა სამართლებრივ პროცესზე. არავის აქვს უფლება, გააკეთოს წინსწრებით განცხადებები მანამ, სანამ არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. წინსწრებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადებები, ეს არის ტენდენციური და მას არ აქვს არანაირი ობიექტურობის საფუძველი, - ამბობს გიორგი გაბუნია.
ევროპარლამენტარებმა ირაკლი კობახიძის დიალოგის ინიციატივა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ევროკავშირთან დიალოგის შეთავაზებით ვერ შეინიღბება. მათ ხელისუფლებას სარჩელის უკან გამოთხოვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კი — დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…