ედიშერ გვენეტაძე რადიკალური პარტიების გაუქმებაზე: „ესენი არიან ყავლგასულები და აუცილებელია მათი ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირებაც იყო, რომ პოლიტიკური არენიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოაცილებდა იმ უსაშინლეს ძალას, რომელიც ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ყველანაირად „ანტია“
ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, აუცილებელია გარკვეული ოპოზიციური ძალების პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება, რადგან „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირება მათი მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოცილება იყო.

„ესენი არიან ყავლგასულები და აუცილებელია მათი ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირებაც იყო, რომ პოლიტიკური არენიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოაცილებდა იმ უსაშინლეს ძალას, რომელიც ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ყველანაირად „ანტია“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ რადიკალური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ამ პროცესების დასრულების შემდეგ, ერთ მთავარ მომენტს მივაქცევდი ყურადღებას – საქმე მაშინ უნდა გააკეთო, როცა ეს აუცილებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ისე უნდა გააკეთო საქმე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური – როგორც ჩვენში იტყვიან.
დავით აღმაშენებელი ტახტზე ავიდა 1089 წელს. როდის შეუწყვიტა ხარკი თურქ-სელჩუკებს? ათი წლის შემდეგ – 1098 წელს. რადგან მან ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის ქალაქ კლერმონში ჩატარებულ კრებაზე და იმ ფაქტზე, რომ იქიდან ჯვაროსნები იერუსალიმისაკენ წამოვიდნენ – ზუსტად იმ მომენტს დაამთხვია. ახლაც ზუსტად ასევე გაკეთდა – იქ და იმ დროს, სადაც საჭირო იყო, და ეს ახლა სახეზე გვაქვს.
ახლა რას ველოდებით ჩვენ ამ პროცესისგან? ველოდებით, რომ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლადო“ – როგორც დიდმა ქართველმა გვითხრა და ანდერძად დაგვიტოვა. ამის პარალელურად, მინდა უმთავრესზე ვთქვა: შემდგომი პროცესი იქნება ურთულესი, ვინაიდან ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი, ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
საქმე იმაშია, რომ პოლიტიკა, ისევე როგორც მიწა, დამუშავებას ელის და საჭიროებს. ახლა ვერ ვიტყვი, რომელი პარტია და ვინ იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება თავად ბუნებრიობიდან გამომდინარე – ეს ლოგიკური განვითარებაა, სხვანაირად ყოვლად წარმოუდგენელია. ვინაიდან ხელისუფლებაში მყოფი ძალის – „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირება იყო, რომ პოლიტიკური არენიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოაცილებდა იმ უსაშინლეს ძალას, რომელიც ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ყველაფერი „ანტია“.
ვხედავ, ჩვენს სასამართლოში როგორ უსუსურად არიან წარმოდგენილნი. ისეთ სამართლებრივ ნონსენსებს ვხედავ მათი გამოსვლებში, გაოცებული ვარ. ამით ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ესენი არიან ყავლგასულები და აუცილებელია მათი ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…