როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება
კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა 800 000-მდე მოქალაქისთვის ხმის უფლების წართმევას ნიშნავს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი სამართლებრივად უსაფუძვლოა და წმინდად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ემყარება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელ, კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, რეალურად, საქართველოს 800 000-მდე მოქალაქისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას ნიშნავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი იყო, რომლის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 211 216 (10.17%); "კოალიცია ცვლილებისთვის“ - 229 161 (11.034%); "ძლიერი საქართველო - ლელო“ - 182 922 (8.808%) ; "გახარია საქართველოსთვის“ - 161 521 (7.777%) და „ფედერალისტები“ - ის ხუთი პოლიტიკური პარტიაა, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს. მათგან ოთხმა პარტიამ (გარდა “ფედერალისტებისა) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 784 820 ხმა მოაგროვა, რაც არჩევნების შედეგების თითქმის 38%-ია.
გიორგი გოცირიძის განმარტებით, წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი ქვეყნის მართვას საკუთარი არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს.
„[პარტიების აკრძალვის შემთხვევაში] ორი მილიონი ამომრჩევლიდან 800 000 ადამიანი კარგავს შესაძლებლობას, ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მისი ინტერესები გააჟღეროს. რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ამ პარტიების გაუქმება - ეს არის 800 000 მოქალაქისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა და მათი ჩამოშორება ქვეყნის მართვის პროცესიდან. სწორედ ამ შედეგისკენ არის მიმართული ეს კონსტიტუციური სარჩელი”, - განაცხადა იურისტმა.
საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი არგუმენტაცია
რაც შეეხება 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის დასაბუთების ნაწილს, გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ სარჩელის განხილვისას ყველაზე თვალსაჩინო მისი შინაარსობრივი და სამართლებრივი სისუსტეა.
მისი თქმით, სარჩელში მოყვანილია 2006-2008 წლების მოვლენები (მაგალითად, „ბათუმელებისა“ თუ ტელეკომპანია „თრიალეთის“ შევიწროება), თუმცა ეს ფაქტები ბრალდებად ედება ისეთ პარტიებსაც („ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“), რომლებიც იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდნენ, ხოლო მათი წევრები მაშინდელ ხელისუფლებასთან არავითარ კავშირში არ იყვნენ.
„საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი პარტიის გაუქმების საფუძვლად განსაზღვრავს: კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მისი ძალადობით შეცვლას, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
მმართველი გუნდი სარჩელში პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებს იყენებს, როგორიცაა: პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა; ადგილობრივ საკრებულოებში (ზუგდიდი, რუსთავი, სენაკი) კოალიციების შექმნა; პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი…
ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზანშეწონილობა და არა სამართლებრივი დავა - სარჩელის ტექსტი რომ წაიკითხოთ, ის არის მთლიანად პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე აგებული. სამართლებრივი არგუმენტები ამ სარჩელში არის ნულის ტოლი... ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პოლიტიკურ ქარტიაზე შეერთება ან საკრებულოებში კოალიციის შექმნა, არის პოლიტიკური ხასიათის და უბრალოდ სასამართლო კონტროლს ვერ დაექვემდებარება”, - აღნიშნა მან.
მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზანს - „პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას“ - იურისტი დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს: „ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემადგენლობას წყვეტს ხალხი და არა ერთი კონკრეტული მმართველი ჯგუფი“.
პარტიების აკრძალვა - საერთაშორისო პრეცედენტები
საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა ინტერვიუში საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არსებობის ისტორიაში არის სულ ორი საქმე, სადაც მან ეროვნული სასამართლოების მიერ პარტიების გაუქმება მართებულად მიიჩნია.
“თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გავიხსენებთ, პარტიების აკრძალვა უკიდურესად იშვიათი მოვლენაა… პირველი საქმე გახლავთ „კეთილდღეობის პარტია თურქეთის წინააღმდეგ“, როდესაც პარტია სეკულარული კანონმდებლობის შარიათით ჩაანაცვლებს ცდილობდა. როგორც თურქეთის საკონსტიტუციო, ისე ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ შარიათის დამყარება დემოკრატიის დასასრულს ნიშნავდა და პარტია რეალურ საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს. ამიტომ, ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა არ დაუდგენია.
მეორე შემთხვევაა „ბოტასუნა და ერი ბოტასუნა ესპანეთის წინააღმდეგ“. ეს ორი პარტია სეპარატისტული და ტერორისტული ორგანიზაცია „ეტას“ პოლიტიკურ ფლანგს წარმოადგენდა და მათ ძალადობრივ ქმედებებს ამართლებდა. ტერორიზმის საფრთხიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო დაეთანხმა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიების გაუქმების შესახებ. ეს არის ერთადერთი ორი პრეცედენტი ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში”, - განმარტა კონსტიტუციონალისტმა.
ის ხაზს უსვამს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულად მკაცრია გაერთიანების თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისას:
"სტრასბურგი არც შეკრებისა და არც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვისას. იმისათვის, რომ პარტიის გაუქმება გამართლდეს, სასამართლოს უნდა დაანახო, რომ მისი არსებობა მყისიერ და რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი კი ასეთი ტიპის საფრთხეს ვერანაირად ვერ ასაბუთებს”, - აღნიშნა მან.
რა სამართლებრივი მექანიზმები ამოქმედდება პარტიების გაუქმების შემდეგ?
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მოთხოვნა გულისხმობს პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას იუსტიციის სამინისტროს პარტიათა რეესტრიდან, თუმცა მმართველმა გუნდმა ადრე უკვე განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, რაც ბევრად მკაცრი სანქციების დასაწესებლად ნიადაგს ამზადებს.
კერძოდ, იურისტი ხსნის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პირველად სარჩელს დააკმაყოფილებს, "ქართულ ოცნებას" ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს დამატებითი სარჩელები:
სამართალმემკვიდრე პარტიების აკრძალვა: "თუ შეიქმნება ახალი პოლიტიკური სუბიექტი (მაგალითად, „ლელო 2“ ან „გახარია 2“), სასამართლოს მისი გაუქმებისთვის არა 9-თვიანი, არამედ 14-დღიანი ვადა ექნება”, - თქვა გიორგი გოცირიძემ.
ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა: “პარლამენტის წევრებს შეეძლებათ წარადგინონ კონკრეტულ პირთა სია და მოითხოვონ მათთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების ჩამორთმევა”, - აღნიშნა მან.
მოსამართლეთა როლი, საქმის ვადები და სტრასბურგის პერსპექტივა
საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელი ხელახლა, მეხუთე პარტიის („გახარია საქართველოსთვის“) დამატებით, 2026 წლის 23 სექტემბერს დარეგისტრირდა. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი 9-თვიანი ვადის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 2027 წლის 23 ივნისამდე უნდა გამოაქვეყნოს. გადაწყვეტილების მისაღებად 7 მოსამართლიდან მინიმუმ 4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ იურისტის შეფასებით, სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამოუკიდებლობის ტესტის ვერგავლის გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ სასამართლო სარჩელს ნაწილობრივ ან სრულად დააკმაყოფილებს.
ასეთ შემთხვევაში ერთადერთ სამართლებრივ ბერკეტად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) წასვლა რჩება, თუმცა იურისტი ხაზგასმით აღნიშნავს შიდაეროვნული დაცვის საშუალებების ამოწურვის აუცილებლობას:
„მნიშვნელოვანია, რომ ის არგუმენტები, რითაც მხარეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ, გაჟღერებული იყოს უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე. შიდა საშუალებების ამოწურვის გარეშე სტრასბურგი საჩივარს ვერ მიიღებს”, – განმარტა იურისტმა.
ცნობისთვის, საია იმ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას შორისაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება და ქვეყნის ავტოკრატიზაციის ახალი, უმძიმესი ეტაპია. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
„ამ ქვეყნის დიდი მონაპოვარი იყო მრავალპარტიულობა და ეს მრავალპარტიულობა უნდა შენარჩუნდეს - წერტილი”, - განაცხადა ინტერვიუს ბოლოს გიორგი გოცირიძემ.
ციტატები სტატიიდან
„თუ შეიქმნება ახალი პოლიტიკური სუბიექტი (მაგალითად, „ლელო 2“ ან „გახარია 2“), სასამართლოს მისი გაუქმებისთვის არა 9-თვიანი, არამედ 14-დღიანი ვადა ექნება“
„პარლამენტის წევრებს შეეძლებათ წარადგინონ კონკრეტულ პირთა სია და მოითხოვონ მათთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების ჩამორთმევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…