დავით სონღულაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ხელმძღვანელს, როჯერ ოკლის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი SDC-ის პროექტის ხელმძღვანელ როჯერ ოკლის შეხვდა. მხარეებმა რეგიონებში ჩაისა და ღვინის წარმოების გაძლიერება და კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ ეკოტურიზმის განვითარება განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელმძღვანელთან, როჯერ ოკლისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაისა და ღვინის წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ხელშეწყობას.
"რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მწარმოებლებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნაზე, ფინანსურ რესურსებსა და ბაზრებზე წვდომა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) მიზნად ისახავს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.
პროექტის ფარგლებში გურიისა და სამეგრელოს ჩაის მწარმოებლებს გაეწიათ მარკეტინგული და ბიზნეს მხარდაჭერა. შეიქმნა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“, რომელიც 27 მწარმოებელს აერთიანებს და ქართული ჩაის პოპულარიზაციას ემსახურება. ქვემო ქართლში დაფუძნდა მეღვინეთა კავშირი, რომელიც 25 მეღვინეს აერთიანებს; მხარდაჭერა გაეწია სექტორის 59 წარმომადგენელს, გაიზარდა ადგილობრივი ღვინოების ცნობადობა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები.
პროექტი ასევე ხელს უწყობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით შემუშავდა ხუთი ტურისტული მარშრუტი და განხორციელდა ორი საერთაშორისო სატესტო ტური.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ციტატები სტატიიდან
„რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მწარმოებლებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნაზე, ფინანსურ რესურსებსა და ბაზრებზე წვდომა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…