რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?
გიორგი ზურაბაშვილის პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა და ნეიტრალიტეტის ნარატივის გააქტიურება საქართველოს საგარეო კურსის საფუძვლიან ცვლილებაზე მიუთითებს, რამაც შესაძლოა დასავლური ინტეგრაცია ჩაანაცვლოს, მიიჩნევს ანალიტიკოსი მეგი ბენია.

ავტორი: მეგი ბენია
2026 წლის 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც აქამდე ევროპის და ევროკავშირის მიმართულებებსაც კურირებდა, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გახდება და ამავდროულად საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობას შეინარჩუნებს.
კობახიძე და ზურაბაშვილი
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება რუსეთთან კომუნიკაციის გაძლიერების მცდელობად აღვიქვათ, თუმცა გადაწყვეტილების მნიშვნელობა გაცილებით ფართო კონტექსტში იკვეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობების, ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებული პროცესისა და რუსეთის მიერ წლების განმავლობაში დაყენებული კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების ფონზე ვაფასებთ.
მეგი ბენია
რუსეთის მოთხოვნები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ახალი არ არის, თუმცა ბოლო წელიწად–ნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რამდენად თანმიმდევრულად ცდილობს მოსკოვი ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებებისა და ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხების ოფიციალურ დღის წესრიგში შენარჩუნებას.
ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან შერიგების შესახებ კონკრეტული ნაბიჯები მოჰყოლოდა, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმება. იმავე წლის 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ეს მოთხოვნები კვლავ გააჟღერა და საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციის დაწყების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ათი დღის შემდეგ, 18 აგვისტოს, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებული იყო საქართველოს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს შორის თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებით. ანალოგიური განცხადებები დააფიქსირა რუსულმა მხარემ 2026 წელსაც, მათ შორის მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის და მარია ზახაროვას მხრიდან. ამდენად, საუბარი გვაქვს არა ცალკეულ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ განცხადებებზე, არამედ განმეორებად დიპლომატიურ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა ფორმატში სისტემატურად უბრუნდება.
ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ოკუპირებულ აფხაზეთში სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. 2025 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია ენგურის გადასასვლელთან სატვირთო–საბაჟო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შესახებ, რომლის ინფრასტრუქტურაც ტვირთების კონტროლსა და საბაჟო პროცედურების განხორციელებას ითვალისწინებს. ამ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ ეკონომიკური და ლოგისტიკური ფუნქციით არ შემოიფარგლება, რადგან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის მექანიზმების განვითარება ამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი ე.წ. სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირების ილუზიას და სეპარატისტული კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობას ემსახურება. გარდა ამისა, 2026 წლის თებერვალში რუსეთის ვიცე–პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა საჯაროდ წამოჭრა რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლის აფხაზეთის გავლით აღდგენის საკითხი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება და სატვირთო გადაზიდვებისთვის მომზადებაც დაიწყო.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნაც. ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილებას არ ნიშნავს და არსებული კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა, მოქმედი დიპლომატის დანიშვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და აქამდე ევროპის და ევროკავშირის მიმართულებებსაც კურირებდა, ქმნის შესაძლებლობას, რომ რუსეთთან დიალოგი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს სახელმწიფოს ოფიციალურ დიპლომატიურ აპარატს. ამასთან, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის ხაზგასმა აჩენს კითხვას, როგორ იქნება გამიჯნული ახალი ფორმატის საქმიანობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მთავარ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია ბოლო წლებში საქართველოს გარშემო არსებითად შეცვლილი რეგიონული სტრატეგიული გარემო. 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს, რაც სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონის მზარდი დიპლომატიური როლის მნიშვნელოვანი დემონსტრირება იყო. ამ პროცესმა აჩვენა, რომ რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში აშშ–ს შეუძლია ისეთი როლის შესრულება, რომელიც რუსეთის ტრადიციულ გავლენას ზღუდავს.
ამას ემატება რუსეთის პოზიციების შესუსტება შავ ზღვაზე უკრაინის სამხედრო მოქმედებების შედეგად და სირიის პოლიტიკური გარდაქმნის შემდეგ ქვეყანაში მისი სამხედრო ყოფნის შესუსტება. ასეთ პირობებში საქართველოს მნიშვნელობა მოსკოვისთვის მხოლოდ სამხრეთ კავკასიით არ შემოიფარგლება, რადგან ქვეყანა შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რუსეთის გვერდის ავლით მოქმედი მარშრუტების განვითარებაშიც მონაწილეობს. შესაბამისად, საქართველოს საგარეო–პოლიტიკური ორიენტაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქვეყნის უშუალო უსაფრთხოებაზე, არამედ უფრო ფართო რეგიონულ ძალთა ბალანსზეც.
ამავე პროცესების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნეიტრალიტეტის იდეის გააქტიურება ქვეყნის შიგნით. ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში ნეიტრალიტეტის საკითხზე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები ამ კონცეფციას ისტორიული გამოცდილების, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. ნეიტრალიტეტის შესახებ საჯარო დისკუსია თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამ მოდელის განხილვა შეუძლებელია იმ უსაფრთხოების გარემოსგან დამოუკიდებლად, რომელშიც ქვეყანას უწევს არსებობა, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და თავად აყენებს თბილისსა და დე ფაქტო სოხუმს, თბილისსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის ისეთი შეთანხმებების გაფორმების საკითხს, რომელთა შესაძლო პოლიტიკური შედეგები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.
შესაბამისად, ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია და მისი დასავლურ ალიანსებში ინტეგრაციის ალტერნატივად წარმოჩენა იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გაუარესებულია, ხოლო რუსეთთან დიალოგის ინსტიტუციური ფორმები იცვლება, ემსახურება საზოგადოებრივი დისკურსის ცვლილებას და ნიადაგის შემზადებას საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი ჩარჩოს დასამკვიდრებლად, რომელიც დასავლურ ინტეგრაციას აღარ განიხილავს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად.
ამას ემატება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და შუა დერეფნის განვითარების საკითხზე გააქტიურებული მუშაობა, რაც საქართველოსთვის ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ცენტრალურ აზიასთან კავშირების განვითარება თავისთავად არ ნიშნავს დასავლური კურსის უარყოფას. თუმცა, როდესაც დასავლურ ინტეგრაციას თანდათან ანაცვლებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრს შორის მანევრირების იდეა, აქ უკვე საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, არამედ საგარეო–პოლიტიკური მოდელის ცვლილებაზე.
ამავე კონტექსტში უნდა გამოიკვეთოს ე.წ. მრავალვექტორული პოლიტიკის პოლიტიკური ფუნქცია, რომლის თანახმადაც რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზება წარმოდგენილი იყოს არა როგორც საქართველოს სტრატეგიული ორიენტაციის ცვლილება, არამედ როგორც სხვადასხვა რეგიონთან თანამშრომლობის დივერსიფიკაციის ნაწილი.
ამრიგად, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებისა და ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციის მოთხოვნების სისტემატური წამოწევა, რუსეთთან ურთიერთობების ახალი ინსტიტუციური ფორმატი, ნეიტრალიტეტის პოპულარიზაცია და მრავალვექტორული პოლიტიკის ნარატივი ერთიან სტრატეგიულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. მათი თანხვედრა მიუთითებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლიან გარდაქმნაზე, რომლის შედეგიც შეიძლება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თანდათანობით ჩანაცვლება გახდეს. ამ პროცესში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სტრატეგიული კურსის ცვლილება შესაძლოა არა ღიად გამოცხადებული გადაწყვეტილებით, არამედ ეტაპობრივი ნაბიჯებითა და საზოგადოებრივი დისკურსის გარდაქმნით განხორციელდეს.
საბოლოოდ, ეს პროცესი განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციას, არამედ მის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, თუ იგი დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესუსტებისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე განხორციელდება, ქვეყანას იმ ძალაზე დამოკიდებულების რისკის წინაშე დააყენებს, რომლისგანაც მომდინარე საფრთხეების მართვაც მისი უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რჩება.
ავტორის შესახებ: მეგი ბენია არის ყოფილი დიპლომატი, ასევე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზდება რუსეთის გავლენის ოპერაციებზე, ნატოს კოლექტიური თავდაცვის პოზიციებზე, საერთაშორისო კიბერუსაფრთხოებაზე, მედეგობასა და ტრანსატლანტიკურ საკითხებზე. როგორც მკვლევარი და საჯარო კომენტატორი, მეგი ბენია აანალიზებს რუსეთის მუდმივად განახლებად ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, აშშ-რუსეთის სტრატეგიულ კონკურენციასა და ევროპის უსაფრთხოებას. ამჟამად იგი არის გამოცემა „New Eastern Europe“-ის თანარედაქტორი. იგი ასევე არის EU CyberNet-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრი და დოქტორანტი, რომლის სადისერტაციო თემაა: „კიბერუსაფრთხოება ნატოს სტრატეგიულ დოქტრინაში: კოლექტიური თავდაცვის გამოყენებადობა კიბერსივრცეში“.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…