„დაიცავი ექსპო“ - დიდუბეში აქცია გაიმართა კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ
დიდუბეში „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. თბილისის მერიას მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია, თუმცა დეველოპერი ბინების გაყიდვას უკვე იწყებს.

გამოფენაზე, - როგორც ამ ადგილს ხშირად უწოდებენ, - რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და გააპროტესტა დეველოპერის გეგმა, ააშენოს მრავალსართულიანი კორპუსები.
მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიას ჯერ არ გაუცია. ამის მიუხედავად, კომპანია უკვე იწყებს ბინების გაყიდვას ერთ-ერთ ჯერარაშენებულ კორპუსში.
„ეს მშენებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ კიდევ ერთ სივრცეს. ჩვენ დავკარგეთ იპოდრომი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორია, ლაგუნა ვერე და ა.შ.“, - თქვა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, გიგა ბექაურმა.
რისი აშენება იგეგმება
„ექსპო ჯორჯიას“ წინ წერეთლის გამზირი ესაზღვრება, უკან კი ელიავას ბაზრობის გაგრძელება, მარჯვნივ და მარცხნივ - ახალი მაღალსართულიანი კორპუსები.
ეს დიდუბის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მტვრიანი ადგილის ყველაზე გამწვანებული შუაგულია.
დეველოპერი, რომელიც აქ საცხოვრებელ კორპუსებს, მაღაზიებს, სასტუმროსა და სხვა საჯარო სივრცეებს აშენებს, პირობას დებს, რომ პარკი უკეთესი გახდება.
თუმცა ადგილობრივების ნაწილს ამის არ სჯერა. ისინი მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
„სითიზენ ექსპოს“ პროექტით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმაღლის 6 შენობა აშენდება: მათ შორის 32-, 30-, 20- და 12-სართულიანი კორპუსები. საცხოვრებელ ბინებთან ერთად ამ შენობებში იქნება სასტუმრო და მაღაზიები.
მიწის ფართობი 100 982 კვ.მ.-ია, კომპანია „სითიზენ ექსპოში“ ამბობენ, რომ აქედან შენობების განთავსება მხოლოდ 18%-ზე იგეგმება.
ვინ არის ინვესტორი
2024 წელს „ექსპო ჯორჯიას“ საკონტროლო პაკეტი რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენ მინდია საბანაძესთან დაკავშირებულმა კომპანია „სითი ექსპომ“ შეიძინა.
2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, „სითი ექსპო“ „ექსპო ჯორჯიას“ აქციების 99,4%-ს ფლობდა. თავად „სითი ექსპოს“ 90% მინდია საბანაძეს ეკუთვნის. 2026 წლის აგვისტოში კომპანიამ დარჩენილი აქციების სავალდებულო გამოსყიდვა დაიწყო.
მინდია საბანაძე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფის, IG Development-ის, მფლობელია. მის ჯგუფს ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.
ციტატები სტატიიდან
„ეს მშენებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ კიდევ ერთ სივრცეს. ჩვენ დავკარგეთ იპოდრომი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორია, ლაგუნა ვერე და ა.შ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…