ირაკლი ქადაგიშვილი - აბსოლუტურად მიუღებელია, როცა სხვადასხვა საერთაშორისო აქტორი საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და სასამართლოზე ზეწოლაზე გათვლილ განცხადებებს აკეთებს - ეს ყველაფერი მავნე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება
ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო აქტორები საქართველოს სასამართლოზე ზეწოლასა და მავნე პოლიტიკურ მიზნებში დაადანაშაულა. დეპუტატი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, გუდრუნ კუგლერის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან გაწვევას ითხოვს.

სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები საქართველოს კონსტიტუციაზე, სახელმწიფოებრიობასა და სასამართლოზე აკეთებენ ანტიდემოკრატიულ, ზეწოლაზე გათვლილ განცხადებებს,-ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს „პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა“.
მისი თქმით, „პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“ საუბარი მხოლოდ „განცხადებაა განცხადებისთვის“ და საჭიროა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა, რა არის სამართლებრივი და რა პოლიტიკური საკითხი.
„ეს არის განცხადება განცხადებისთვის. „პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა“. მოდით, გავმიჯნოთ, რა ან არის სამართლებრივი საკითხი, ან არის პოლიტიკური საკითხი.
ზოგადად, ერთი რამე არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც აი ეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორი საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებით აკეთებენ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ანტიდემოკრატიულ, ზეწოლაზე გათვლილ და საკონსტიტუციო თუ სასამართლო პროცესის ჩაშლაზე და დაშინებაზე გათვლილ განცხადებებს.
და ერთ რამეს შევახსენებ, აი ამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს და მისი საპარლამენტო ასამბლეა, მათ საერთოდ რა ლეგიტიმაცია ჰქონდათ, ან რა ფაქტობრივ მონაცემებზე იყვნენ დაყრდნობილი, როდესაც სწორედ აი ამ პარტიების განცხადებებზე დაყრდნობით მოახდინეს საქართველოში 2024 წლის არჩევნების დელეგიტიმაცია?
საქართველოში ჩატარებული არჩევნების დადებითი დასკვნა გვერდზე გადადეს ვიწრო მავნე პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. აი ამ ვიწრო მავნე პოლიტიკურ მიზნებს დღესაც ემსახურება მათი განცხადებებიც,”-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ALDE-ს განცხადებას, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ALDE-მ მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს, რაც დემოკრატიულ პროცესზე დარტყმა იყო.
„ALDE-მ მხარი დაუჭირა ამ პარტიების მიერ საქართველოში არჩევნების ბოიკოტს. ALDE მაშინ არ დაფიქრებულა, რომ ამ პარტიებმა საქართველოში კონკურენტუნარიან გარემოში და ამომრჩეველთა ნების ამსახველ არჩევნებში, როდესაც ამ პარტიებმა უარყვეს თავიანთი ამომრჩევლის ნება, მათ არ უთქვამთ ამ პარტიებისთვის, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა, და არის დემოკრატიაზე დარტყმა. ეს არ უთქვამთ მაშინ. ტაში დაუკრეს, მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს გზა. ეს ზღაპრები მოუყვნენ ახლა თავიანთ მომიტინგეებს იქ, თავიანთ ქვეყნებში.
ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის მატარებელი არის ის, რომ ქვეყანა იყოს მუდმივად გარედან ვიღაცის ინტერესების მომსახურებაში. ვიღაცას რაღაცა ინტერესი გააჩნია ამ ქვეყანაში და სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ამ ინტერესის მომსახურე მთავრობა, და ეს მექანიზმები მას უნდა გააჩნდეს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყნის კი არა, სხვისი ინტერესების გამტარებელი იყოს საქართველო, რაც ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, რომ არის დამღუპველი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებშია და დემოკრატიის ინტერესებშია ზოგადად, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობდეს და არ იყოს ყოველთვის შიდა აგენტურისა და გარე მათი პატრონების მანიპულაციის ველი,”-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს ეხმაურება და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. კუგლერის თქმით, პოლიტიკური კონკურენცია არჩევნებითა და დემოკრატიული დებატებით უნდა წყდებოდეს და არა ოპონენტების ჩამოშორებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, საქართველომ კი, როგორც ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი დემოკრატიული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
ციტატები სტატიიდან
„პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…