ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა
სახალხო დამცველის აპარატში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა და 7 თანამშრომელი გათავისუფლდა. ომბუდსმენის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები სამუშაოს ფრაგმენტაციის აღმოფხვრას ემსახურება და უწყება არც ერთ მიმართულებაზე უარს არ ამბობს.

ამ პროცესს კი, აპარატის განმარტებით, წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება.
როგორც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სამი დეპარტამენტი:
გენდერის,
ადამიანის უფლებათა სწავლების,
სტრატეგიული სამართალწარმოების.
შედეგად შრომითი ურთიერთობა შვიდ თანამშრომელთან შეწყდა.
ამასთან, მისი განმარტებით, გარკვეული ფუნქციები დამოუკიდებელი საშტატო ერთეულებიდან შესაბამის დეპარტამენტებში გადავიდა.
"რიგი მიმართულებით მუშაობა იყო ძალიან ფრაგმენტირებული, დანაწევრებული და ხშირად დუბლირებული, რაც, როგორც ცხადია, სამუშაო პროცესის შემაფერხებელია, მაგრამ არა მხოლოდ შეფერხებას იწვევს, ეს შედეგებზეც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ დავაჯგუფეთ ეს თემები, საკითხები, რომლის მიმართულებითაც ასეთი გამოწვევები გვქონდა და მოხდა რეორგანიზაცია, ანუ ამ გამოწვევების საპასუხოდ", - ამბობს თამარ გვარამაძე.
კონკრეტულად რა შეიცვალა სახალხო დამცველის აპარატში
1. სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობა გაერთიანდა ერთ სტრუქტურულ ერთეულში. მას დაეკისრება ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ფემიციდზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებზე.
2. გაძლიერდა თემატური დეპარტამენტების როლი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. აპარატის შესაბამისი მიმართულებები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში.
3. პარლამენტთან მუშაობა განახლებული ფორმით გაგრძელდება. ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად აპარატი გააძლიერებს საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების წარდგენას.
4. გაძლიერდა ქალთა უფლებების მიმართულება. ამისთვის გათვალისწინებულია მეტი ადამიანური რესურსი, ფუნქციების გადანაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის და ქალთა უფლებების საკითხების სხვადასხვა მიმართულების საქმიანობაში ინტეგრირება. ყურადღება დაეთმობა როგორც ინდივიდუალური საქმეების შესწავლას, ისე სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შესრულებას.
5. გაძლიერდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი. მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების კონტროლს.
6. ადამიანის უფლებების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება აღარ იქნება მხოლოდ სამი საშტატო ერთეულის პასუხისმგებლობა. ამ საქმიანობაში აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ჩაერთვება.
7. გააქტიურდება ციფრულ სერვისებზე წვდომისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება. მიზნად სახელდება მომსახურების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა.
შეკითხვაზე, ხომ არ ქმნის გენდერული მიმართულების დეპარტამენტის გაუქმება და კანონმდებლობაში ტერმინ „გენდერის“ ცვლილება შთაბეჭდილებას, რომ სახალხო დამცველის აპარატი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ხედვებს ერგება, თამარ გვარამაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი საერთაშორისო დოკუმენტებში აღიარებულ ტერმინ „გენდერს“ კვლავ იყენებს და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
მისი თქმით, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილდა და ამ მიმართულებით მუშაობა უფრო მეტი ადამიანური რესურსით გაგრძელდება.
"მუშაობა გაგრძელდება სამოქალაქო. სოციალური გარემოს დაცვისა და ქალთა უფლებების დეპარტამენტში, კიდევ უფრო დიდი ადამიანური რესურსით, ვიდრე აქამდე იყო დათმობილი ამ თემებზე", - ამბობს თამარ გვარამაძე.
გასული წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო ცვილებებით სიტყვა „გენდერი“ 15 მოქმედი კანონიდან ამოღეს; „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალა „ქალისა და კაცის თანასწორობით“; კანონმდებლობიდან გაქრა ცნება „გენდერული იდენტობაც“ - ცვლილებები გენდერის მკვლევრებმა შეაფასეს როგორც „ხარკი ულტრამემარჯვენე ამომრჩევლისათვის“.
მისი სიტყვებით, უწყება არც ერთ მიმართულებაზე უარს არ ამბობს და ცვლილებების მიზანი მუშაობის გაძლიერებაა.
ციტატები სტატიიდან
„რიგი მიმართულებით მუშაობა იყო ძალიან ფრაგმენტირებული, დანაწევრებული და ხშირად დუბლირებული, რაც, როგორც ცხადია, სამუშაო პროცესის შემაფერხებელია, მაგრამ არა მხოლოდ შეფერხებას იწვევს, ეს შედეგებზეც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ დავაჯგუფეთ ეს თემები, საკითხები, რომლის მიმართულებითაც ასეთი გამოწვევები გვქონდა და მოხდა რეორგანიზაცია, ანუ ამ გამოწვევების საპასუხოდ“
„მუშაობა გაგრძელდება სამოქალაქო. სოციალური გარემოს დაცვისა და ქალთა უფლებების დეპარტამენტში, კიდევ უფრო დიდი ადამიანური რესურსით, ვიდრე აქამდე იყო დათმობილი ამ თემებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…