რუსეთის არმიამ ერთ დღეში სავარაუდოდ, ორი გამანადგურებელი დაკარგა
რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობით, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, ორი სუ-30 ტიპის გამანადგურებელი დაკარგა. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ კალინინგრადის ოლქში ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა, მეორე ბორტის შესახებ ინფორმაცია კი არ გაუვრცელებია.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი ე.წ. Z-ბლოგერების თანახმად, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ კიდევ ერთი გამანადგურებელი დაკარგა.
თავდაცვის სამინისტროს ვერსია
გამანადგურებელი სუ-30, რომელმაც კატასტროფა კალინინგრადის ოლქში განიცადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „გეგმურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას“ ასრულებდა.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, გამანადგურებელი დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
რუსული ტელეგრამ-არხის, Mash-ის წყაროთა ცნობით, პილოტებმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღეს და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან.
კიდევ ერთი სუ-30?
უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რუსმა ე.წ. სამხედრო ბლოგერმა კირილ ფიოდოროვმა 21 ოქტომბერს საღამოს თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სუ-30 ტიპის გამანადგურებლის ფოტო და მოკლე ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ამ დღეს რუსეთმა მეორე თვითმფრინავიც დაკარგა.
იგივე დაწერა ომის მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხმა Fighterbomber-მაც. დეტალები არცერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეორე გამანადგირებლის კატასტროფის შესახებ არაფერი უთქვამს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.