საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე ან მისი ბიოგრაფია არ მოსწონს, სამართლებრივ საფუძველს საერთოდ მოკლებულია - რევაზ ნადარაია
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლეთა აცილების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რევაზ ნადარაიამ კი ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. ნადარაიას თქმით, მოსამართლის ბიოგრაფიის გამო აცილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
სამი საათია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევა. გაძევების მიზეზად მოსამართლემ განკარგულებების დაუმორჩილებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, დეკანოიძე სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
იქამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა არგუმენტებით ითხოვდა ოპოზიცია მოსამართლეთა აცილებას.
რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე, ან მისი ბიოგრაფია არ მოსწონს, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა აცილების თაობაზე ძირითადად აგებული იყო იმაზე, რომ არ მოსწონს მხარეს მოსამართლეთა ბიოგრაფიები, რის გამოც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას, თუმცა რაიმე ფაქტზე, ელემენტარული მითითებაც კი ვერ მოახდინა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები მოცემული საქმის განხილვისას ვერ იქნებიან მიუკერძოებელნი.
რაც შეეხება მეორე მხარეს, სამ მოსამართლესთან მიმართებით, პრაქტიკულად დანიშვნის წესი არ მოსწონთ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოდან არის და რაც საქართველოს მოქმედი კონსტიტუციაა. მოსამართლეთა დანიშვნის აღნიშნული წესი მოქმედებს საქართველოში და ამ კუთხით რა იყო აცილების საფუძველი ცოტა გაუგებარი დარჩა. რაც შეეხება შავაძის საქმეს ბატონ ვასილ როინიშვილთან მიმართებით - ბატონი ვასილი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და იმ დროს მომხდარ ფაქტზე, თან ეს საქმე ერთ-ერთ ფაქტად არის მითითებული აღნიშნულ სარჩელზე და ჩვენ უშუალოდ შავაძის საქმეს არ ვიხილავთ, ამით აცილების საფუძვლის დაყენება და მოსამართლის მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას სრულიად საფუძველს მოკლებულია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე არ მოსწონს, მოსამართლის ბიოგრაფია არ მოსწონს ან მისი გავლილი გზა, არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და ზოგადად სამართლებრივ საფუძველს საერთოდ მოკლებულია," - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.