კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ-მ „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის 58-ე წუთზე კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ 4:2 მოუგო და ტურნირზე მესამე დაპირისპირებაშიც გამარჯვებული გამოვიდა.
კვარაცხელია, რომელიც „სლოვანთან“ სათადარიგოთა შორის იყო, მანჩესტერ სიტისთან“ კი შეცვლაზე შევიდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტში ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები დემბელემ და დუემ ვერ გამოიყენეს. მე-20 წუთზე ტრავმირებული დემბელე ტორესმა შეცვალა. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა, სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, რაფინიას საფონოვმა არ გატანინა. ორჯერ ერთი ერთზე გასულ ტორესს მეკარე გარსიამ აჯობა, ხოლო შემდეგ დუემ „ბარსელონას“ კარი დალაშქრა. მერე ოლმოს ნაცვლად მოედანზე შესული ლოპესი საფონოვთან პირისპირ გაიჭრა და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. „კვარას“ დარტყმული გარსიამ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ისევ გადაარჩინა კატალონიელები მეკარემ, ამჯერად ჰაკიმის არ გაატანინა, ხოლო ცოტა ხანში ესპარტი ერნანდესს გაექცა და თანაფარდობა აღადგინა. 58-ე წუთზე კვარაცხელიამ ესპარტთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკლიუშმა შეცვალა. ფერანის დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ერნანდესმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს „ბარსას“ კარში მიუჩინა ადგილი. მალე იამალმა მახვილი კუთხიდან გაუტანა საფონოვს, რომელსაც არც ეს ბურთი არ უნდა გაეშვა. თუმცა, დარჩენილ დროში გარსიას ვიტინიამ და ფაბიან რუისმა გაუტანეს და „პარი სენ ჟერმენმა“ მოიგო.
პსჟ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონს“ უმასპინძლებს, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ხვიჩას მდგომარეობა გვაინტერესებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბარსელონა 4:2
გოლები: 1:0 დუე (38), 1:1 ესპარტი (55), 2:1 ერნანდესი (72), 2:2 იამალი (79), 3:2 ვიტინია (81), 4:2 ფაბიან რუისი (86)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.