ვიქტორ იუშჩენკო დონალდ ტრამპს: ვწერ უბრალოდ, როგორც ერთი ადამიანი მეორეს და როგორც ერთი პრეზიდენტი მეორეს
რუსეთს შეუძლია დაანგრიოს ჩვენი შენობები. შეუძლია ტერორი მოუწყოს ჩვენს ქალაქებს. შეუძლია დახოცოს ჩვენი ხალხი. მაგრამ მას არ შეუძლია გაანადგუროს ის ვინც ვართ. მას არ შეუძლია აიძულოს უკრაინელები შეწყვიტონ უკრაინელობა.
"დონალდ ჯ. ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტს
ვიქტორ იუშჩენკოსგან, უკრაინის მე-3 პრეზიდენტისგან
ბატონო პრეზიდენტო,
ამ სიტყვებს დიპლომატიური ფორმულებისა და ცერემონიული ენის გარეშე ვწერ. ვწერ უბრალოდ, როგორც ერთი ადამიანი მეორეს და როგორც ერთი პრეზიდენტი მეორეს — ორ მამაკაცს, რომელთაც ესმით, რომ ისტორიაში არის მომენტები, როდესაც გადაწყვეტილებები განსაზღვრავს არა მხოლოდ ერების, არამედ თავად თავისუფლების ბედს.
უკრაინელებისთვის თავისუფლება არ არის აბსტრაქცია. ეს არ არის პოლიტიკურ დეკლარაციაში ჩაწერილი სლოგანი. თავისუფლება ჩვენს სისხლშია. იგი თაობების განმავლობაში გადმოგვეცემა — ჩვენი კაზაკი წინაპრებისგან, რომელნიც ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ თავიანთ თავისუფლებას, ღირსებას და მიწას, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა.
ჩვენ ვართ მიწაზე დაფუძნებული ერი. ჩვენი იდენტობა აღმოცენდა ჩვენი სახლის, ჩვენი მინდვრის, ჩვენი სოფლის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ოჯახისა და ჩვენს თავს ზემოთ არსებული ცის სიყვარულით. უკრაინელებს არასოდეს უძებნიათ ის, რაც სხვა ერს ეკუთვნის. მაგრამ არც ის დაგვითმია არასოდეს ნებაყოფლობით, რაც ჩვენია.
ბატონო პრეზიდენტო, შეხედეთ რა ხდება უკრაინაში ახლა, აი ამ წამს. ყოველ დღე და ღამე ჩვენი ქალაქები ზანზარებს რუსული ბალისტიკური რაკეტების, ირანული „შაჰედის“ დრონებისა და საავიაციო ბომბების ქვეშ. რუსეთი ურტყამს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებს უძველეს კიევში, მძინარე უბნებს ზაპოროჟიეში, ოდესაში, დნიპროში, ხარკოვსა და მთელი ქვეყნის ქალაქებში. ოჯახები იღუპებიან საკუთარ სახლებში. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მორიგი სირენის, მორიგი აფეთქების მოლოდინში და ყოველ ღამე ფიქრობს, იქნებიან თუ არა მათი შვილები ცოცხლები დილით.
და როდესაც საუბარია პუტინთან „დათმობებზე“ ან გარიგებებზე, კრემლის პასუხია კიდევ უფრო მეტი რაკეტა, მეტი დრონი და მეტი სისხლისღვრა. ამის ფასს უკრაინელი ოჯახები იხდიან.
ყოველი სტატისტიკის მიღმა ადამიანის სიცოცხლეა. დედა შვილს ასაფლავებს. ბავშვი მამის საფლავთან დგას. ოჯახი ბრუნდება იქ, რაც ოდესღაც მისი სახლი იყო, და მხოლოდ ნანგრევებში გაფანტულ დამსხვრეულ ბეტონსა და ფოტოებს პოულობს.
ეს არ არის შორეული „კონფლიქტი“. ეს მილიონობით უკრაინელის ყოველდღიური რეალობაა.
და ამ რეალობის ფონზე, უკრაინელებს ესმით მოწოდებები, რომ უკრაინა უნდა გაჩერდეს. რომ უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს იმ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან, რომელიც აფინანსებს და ინახავს რუსეთის ომს. რომ რუსული ენერგორესურსებით ვაჭრობა როგორღაც შეიძლება გამოიყოს იმ რაკეტებისა და დრონებისგან, რომლებსაც რუსეთი უკრაინელი ოჯახების წინააღმდეგ გზავნის. ეს შეუძლებელია.
რუსულ საწვავში გადახდილი ფული არ არის აბსტრაქცია, რასაც „კომერცია“ ჰქვია. ის აფინანსებს ეკონომიკას, რომელიც ტოტალური ომისთვის არის მომართული. რუსეთს სჭირდება რესურსები ამ უსამართლო ომის საწარმოებლად, უკრაინა კი იბრძვის, რომ რუსეთს ეს რესურსები წაართვას.
არსებობს ღრმა მორალური განსხვავება აგრესორსა და საკუთარი თავის დამცველ ერს შორის.
ბატონო პრეზიდენტო, ამერიკამ ეს განსხვავება უმეტეს ერებზე უკეთ იცის. მან იცის, რამდენად საშიშია იმის დაჯერება, რომ ვაჭრობას შეუძლია აგრესორის მოთვინიერება, ან საფრთხის გაქრობა. ისტორიამ ეს გაკვეთილი საშინელი ფასით გვასწავლა.
სანამ ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაებმებოდა, ამერიკა ფართო სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებდა იმპერიულ იაპონიასთან, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალებით. ვაშინგტონი წლების განმავლობაში იმედოვნებდა, რომ თავიდან აიცილებდა ფართომასშტაბიან ომს წყნარ ოკეანეში. საბოლოო ჯამში, ეკონომიკურმა ზეწოლამ და დიპლომატიამ კატასტროფა ვერ აიცილა თავიდან და 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორს დაესხნენ თავს.
ისტორია შეიძლება ზუსტად არ მეორდებოდეს, მაგრამ ის კვლავ სვამს იგივე კითხვებს. რა ფასს იხდიან თავისუფალი ერები, როდესაც აგრესია ჯილდოვდება და არ ჩერდება?
უკრაინამ ერთ დროს უდიდესი რწმენა გამოუცხადა საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები ედგა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული არსენალი. ჩვენს მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევთანხმდით მის დათმობაზე. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვჯეროდა, შეთანხმებებით მართული მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ბირთვული იარაღით მართული.
1994 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავის პარტნიორებთან ერთად, ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რითაც უკრაინას მისცა უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ჩვენი საზღვრების ხელშეუხებლობის ოფიციალური გარანტიები. მათ აიღეს ვალდებულება, არ დამუქრებოდნენ და არ გამოეყენებინათ ძალა უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკამ აიღო მორალური პასუხისმგებლობა უკრაინის წინაშე. მაშ, როგორ შეუძლია დღეს ვინმეს, როდესაც ვერაგი მტერი თავს დაგვესხა, დაივიწყოს ამერიკის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე?
უკრაინამ სიტყვა შეასრულა. რუსეთმა სიტყვა გატეხა.
ამ ისტორიას დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ, რომ როდესაც ერი თმობს დედამიწაზე ყველაზე ძლიერ იარაღს საერთაშორისო ვალდებულებების სანაცვლოდ, ხოლო მოგვიანებით მას თავს ესხმის სწორედ ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელმაც ეს ვალდებულებები აიღო, შედეგები უკრაინის ფარგლებს შორს სცილდება.
დღეს მსოფლიოს ყოველი ერი უყურებს და სვამს კითხვას, აქვს თუ არა რაიმე ფასი დიდ სახელმწიფოებთან დადებულ შეთანხმებებს. ისინი კითხულობენ, ბირთვული იარაღის დათმობა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის თუ უფრო მოწყვლადს. და ისინი უყურებენ ამერიკას.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ერებს იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ხელშეკრულებები და დიპლომატიაა. ჩვენ ბევრჯერ ვმდგარვართ ერთად წარსულში. ექვსი საზღვაო ქვეითიდან ერთ-ერთი, ვინც ივო ჯიმაზე ამერიკის დროშა აღმართა, იყო სერჟანტი მაიკლ სტრენკი, რომლის ოჯახიც ლემკოვიშჩინადან იყო და რომელმაც სიცოცხლე გასწირა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბრძოლაში. როდესაც 1945 წლის აპრილში ამერიკული და საბჭოთა ჯარები ელბაზე შეხვდნენ ერთმანეთს, ამერიკელ ლეიტენანტ უილიამ რობერტსონს პირველად ჩაეხუტა უკრაინელი ბიჭი ჩერკასის რეგიონიდან — ალექსანდრე სილვაშკო. უკრაინელი ჯარისკაცები ამერიკულ ძალებთან ერთად მსახურობდნენ ერაყსა და ავღანეთში, დღეს კი უკრაინა აგრძელებს თავისი მძიმედ მოპოვებული სამხედრო გამოცდილების გაზიარებას ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებთან დაპირისპირების გამოცდილებას. უკრაინელებსა და ამერიკელებს ერთად დაუღვრიათ სისხლი ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლების დასაცავად.
ბატონო პრეზიდენტო, არის ერთი რამ რაც ყველაზე მეტად მინდა თქვენ და მთელმა მსოფლიომ გაიგოთ,
ნუ აურევთ ერთმანეთში უკრაინელების მშვიდობის სურვილს კაპიტულაციისთვის მზადყოფნაში. უკრაინული სულის გატეხვა შეუძლებელია და ის არც გატყდება.
არცერთ ხალხს არ სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვის შვილებსაც ხოცავენ. მაგრამ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული მსხვერპლისთვის აგრესორის დანაშაულების ფასის გადახდის მოთხოვნით. ჩვენ ვერ დავთანხმდებით მშვიდობას, რომელიც მოგვიანებით ჩვენი კიდევ უფრო მეტი შვილისა და შვილიშვილის სიკვდილს გამოიწვევს.
ჩვენ ვართ ღრმა ფესვების მქონე ხალხი, რომელიც საკუთარ მიწასთან სიყვარულით, შრომითა და თავისუფლების სულით არის დაკავშირებული. ჩვენ ჩვენს მიწას ნებაყოფლობით არავის დავუთმობთ. ეს არის ჩვენი სახლი, ღვთისგან ბოძებული. ჩვენ აქ ვიყავით, აქ ვართ და ყოველთვის აქ ვიქნებით. ჩვენ რაკეტებით ვერ შეგვაშინებენ და ვერ გვაიძულებენ დანებებას.
უკრაინული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში მისი წაშლის მცდელობების შედეგად გამოიჭედა. რუსეთის იმპერია ცდილობდა ჩვენი ენის გაჩუმებას, ჩვენი კულტურის განადგურებას, ჩვენი ხალხის შიმშილით დახოცვას, ჩვენი ლიდერების დაპატიმრებას და ჩვენი ისტორიის გადაწერას. და მაინც, უკრაინა გადარჩა. ჩვენ გადავრჩით, რადგან ჩვენი ფესვები ღრმაა და ჩვენს ძარღვებში თავისუფალი ხალხის სისხლი ჩქეფს .
რუსეთს შეუძლია დაანგრიოს ჩვენი შენობები. შეუძლია ტერორი მოუწყოს ჩვენს ქალაქებს. შეუძლია დახოცოს ჩვენი ხალხი. მაგრამ მას არ შეუძლია გაანადგუროს ის ვინც ვართ. მას არ შეუძლია აიძულოს უკრაინელები შეწყვიტონ უკრაინელობა.
ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის დიდებულება ტირანიასთან შეგუებით კი არ შექმნილა, არამედ იმის გააზრებით, რომ მისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში, თავისუფლება მანამ უნდა იქნას დაცული, სანამ მისი დაცვის ფასი განუზომლად დიდი გახდება.
უკრაინა დღეს ამ პრინციპს ჩვენი ხალხის სიცოცხლის ფასად იცავს.
დღეს თავისუფალი სამყარო დგას კითხვების წინაშე, რომლებიც თავად უკრაინაზე დიდია: შეიძლება თუ არა საზღვრების ძალისმიერი შეცვლა; აქვს თუ არა კვლავ მნიშვნელობა ერებს შორის შეთანხმებებს; დაჯილდოვდება თუ არა აგრესია; და დადგება თუ არა თავისუფალი სამყარო მათ გვერდით, ვინც თავისუფლებას ირჩევს.
ტირანებთან მოლაპარაკებებს კი არ აწარმოებენ — მათ აჩერებენ.
ბატონო პრეზიდენტო, მე მჯერა, რომ ამერიკას ეს ესმის.
სიმართლის, თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროს ღირსების რწმენით.
ვიქტორ იუშჩენკო
უკრაინის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში"
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.